RMG ,, ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი"-ს კითხვებს წერილობით პასუხობს. კომპანიის მხრიდან აღნიშნული ინფორმაცია RMG-ს პიარ-კონსულტანტმა ეკატირინე ჯოჯუამ მოგვაწოდა.
აპირებს კომპანია რაიმე კომპრომისზე წასვლას? თუ აპირებს, მუშების რომელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მიიჩნევს RMG შესაძლებლად? როგორც ვიცი, მათ მოთხოვნებს ახალი პუნქტი, გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნება დაემატა.
კომპანია განიხილავს შესაძლებლობებს, რა ნაწილში და რა ხარისხით შეიძლება მოთხოვნების დაკმაყოფილება, იმის მერე, როდესაც ეს მოთხოვნები ოფიციალურად იქნება წამოყენებული და განხილული საინიციატივო ჯგუფის მიერ. რაც შეეხება განთავისუფლებულ თანამშრომლებს, კომპანიის პერსონალის ოპტიმიზაცია ადრევე იგეგმებოდა, როდესაც ჯერ გაფიცვასთან დაკავშირებით არაფერი იყო ცნობილი. ამდენად მათი განთავისუფლება არანაირად არ უკავშირდება გაფიცვის ინიცირებას.
რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა სამსახურიდან და რა მიზეზით?
კომპანია RMG-ში, ბოლო დროის მოვლენებიდან გამომდინარე და შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა საწარმოო ხარჯების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ცვლილება თანაბრად შეეხო, როგორც საწარმოო და ტექნოლოგიურ პროცესს, ასევე მომსახურე და ადმინისტრაციის პერსონალს. გამომდინარე აქედან, კომპანია იძულებული გახდა სამსახურიდან გაეთავისუფლებინა რამდენიმე ათეული თანამშრომელი საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად. თითოეული განთავისუფლებული თანამშრომელი მიღებს კომპენსაციას 2 თვის შრომის ანაზღაურებისა და გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ოდენობით. სულ განთავისუფლდა 182 თანამშრომელი, რომელთაგან 20%-ი ადმინისტრაციულ პერსონალს წარმოადგენს.
მუშები მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანები კომპანიამ მათ დასაშინებლად გაათავისუფლა. მათი თქმით, უფროსების მხრიდან მათზე ზეწოლა ხორციელდება. აცხადებენ, რომ ემუქრებიან აქციაზე თუ გავლენ ისინიც დაკარგავენ სამსახურს. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ აღნიშნულის შესახებ?
კომპანია არ ადასურებს ამ ინფორმაციას. არავითარ ორგანიზებულ ზეწოლას კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
თუ განიხილება შესაძლებლობა, რომ გათავისუფლებულ მუშებს აღუდგეთ ხელშეკრულება და დაახლოებით, როდისთვის იქნება ეს შესაძლებელი?
იმ შემთხვევაში თუ საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება და კვლავ საჭირო გახდება პერსონალის აყვანა, კომპანია მზად არის განიხილოს ყველა შესაძლებლობა, რათა სამსახურით დაკმაყოფილდნენ პირველ რიგში ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება
რას აპირებს RMG იმ შემთხვევაში თუ მუშების გაფიცვა დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა თუ არა კომპანიამ ისინი სხვა მუშახელით ჩაანაცვლოს?
კომპანიას გააჩნია სოციალური პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თანამშრომლების ასევე მთლიანად რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ ადგილობრივი ბიუჯეტის 90 % კომპანიის ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად კომპანია ყველანაირად ეცდება არ შეწყდეს საწარმოო პროცესი და ამ მიზნით კომპანია განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სათანადო ქმედებას.
ნინო მელიქიშვილი
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით