მარნეულის რაიონის „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" შტაბში აცხადებენ, რომ მმართველი კოალიცია წინასაარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. შტაბის ხელმძღვანელის, ზურაბ სხირტლაძის ინფორმაციით კოალიცია პარტიული შეხვედრების ორგანიზებას გამგეობის თანამშრომლებს ავალებს.
„ გარდა გამგეობის და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისა, საარჩევნო კამპანიაში იძულებით ჩართული ჰყავთ საჯარო სკოლების პედაგოგები და დირექტორები. რუსთავში, როდესაც ღარიბაშვილმა გამართა შეხვედრა ასობით მარნეულელი პედაგოგი ჩაიყვანეს. ასევე, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება წინასაარჩევნოდ რაიონში.
მაგალითისთვის გეტყვით, ჩემ სოფელ საიმერლოში გზა 4-5 წელია გაფუჭებულია, თუმცა მისი მოწესრიგება ახლა დაიწყეს წინასაარჩევნოდ. ცხადია, მადლობელი ვარ გზისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენ არათანაბარ გარემოში გვაყენებს, რადგან მოქმედებს ამომრჩეველზე", - საუბრობს, ზურაბ სხირტლაძე.
მისი თქმით, დმანისის რაიონისგან განსხვავებით მარნეულში მათი საარჩევნო ბლოკის საკრებულოს წევრობის კანდიდატებზე ზეწოლა არ ხორციელდება.
„ ყოველშემთხვევაში ამ მიმართულბით მე არაფერი მსმენია და კანდიდატურაც არავის მოუხსნია.
აქვე გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი რაიონის გამგებლობის კანდიდატი, აღსაკალი ბატონი რაშიდ მამედოვი. გახლავთ ინჟინერ-მშენებელი, განხორციელებული აქვს საინჟინრო მასშტაბური პროექტები და ამჟამადაც მუშაობს ამ მიმართულებით", დასძენს სხირტლაძე.
საუბრობს, რომ რაიონის მოსახლეობის აზერბაიჯანული ნაწილი მათ კანდიდატს დაუჭერს მხარს, მისი გამოცდილების და ეთნიკური წარმომავლობის გამოც, რადგან საზოგადოების ეს ნაწილი აცხადებს, რომ პირველად მიეცათ საშუალება რაიონის გამგებლად აირჩიონ მათი ეთნიკური წარმომავლობის კანდიდატი და ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებენ.
მმართველი პარტიის მუშაობაზე კი მარნეულის რაიონის „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კოალიცია უშიშროების მითითების გარეშე ნაბიჯს ვერ დგამს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებიც ამ უწყების „გავლით" შეარჩია.
მსგავს თემაზე: ღარიბაშვილი რუსთავში მარნეულელებს, გარდაბნელებს და ბოლნისელებს შეხვდა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით