„ ქართული ოცნების" რუსთავის საარჩევნო შტაბი ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც ასახულია, თუ როგორ ჯდება სამსახურეობრივ ავტომობილში რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, კახა გურგენიძე, რომელიც ამავე დროს არის ნაციონალური მოძრაობის რუსთავის პარტიული სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატი.
მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ვიდეო მათი ერთ-ერთი მხარდამჭერის გადაღებულია 8 ივნისს, რუსთავში გამართული რაგბის მატჩის დროს და შვებულებაში მყოფი გურგენიძე კანონს არღვევს.
„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" კახა გურგენიძეს დაუკავშირდა. გურგენიძე აცხადებეს, რომ აღნიშნულ მატჩზე ნამდვილად იმყოფებოდა სამსახურეობრივი ავტომობილით. საუბრობს, რომ ღონისძიებაზე მივიდა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე. გვიხსნის, რომ მას ავტომობილი არ გამოუყენებია წინასაარჩევნო კამპანიისთვის, რადგან მატჩზე მისვლისას არ გაუკეთებია არანაირი პოლიტიკური და წინასაარჩევნო ხასიათის განცხადება და არ უწარმოებია წინასაარჩევნო კამპანია. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს კი ვიდეოების გადაღებასთან ერთად კანონის წაკითხვასაც ურჩევს.
„ ჩემ წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის რეალური მიზეზი ისაა, რომ მათ იციან, რომ აგებენ არჩევნებს იმ ოლქში, სადაც მე გახლავათ მაჟორიტარი და მიღებული აქვთ დავალება, რომ როგორმე ჩახსნან ჩემი კანდიდატურა", - აცხადებს კახა გურგენიძე.
პ.ს „ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" ბოდიშს უხდის მკითხველს ვიდეოში გაჟღერებული უცენზურო ფრაზისთვის. მისი უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან გადაფარვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო ვიდეოზე ასახულ პირებს ჩაეთვალათ, რომ უცენზურო გამონათქვამის ადრესატები თავად იყვნენ.
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით