რუსთავის მერობის კანდიდატის ეროსი კიწმარიშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების, მოადგილეების, მდივნების და წევრების ნაწილი, რომლებიც ოცნებას თავისი კადრები ჰგონია - კიწმარიშვილთან გადასული "ოცნების" ყოფილი გუნდის გულშემატკივარია. „ჩვენი საქართველო"-ს საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი, რომელიც ამავე დროს მაჟორიტარობის კანდიდატია, გოჩა ომაიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე პირადად იზრუნა.
„როდესაც იმ უსამართლობის გამო, რაც ხდებოდა კოალიციაში ჩვენი გუნდი გამოეყო მათ და გადავიდა კიწმარიშვილთან, ჩვენ დაგვრჩა მათ რიგები ჩემი მეგობრები, ამავე აზრზე მყოფი ადამიანები. ისინი არ გამოსულან კოალიციიდან, თუმცა შეძლეს გამხდარიყვნენ კომისიის წევრები. მე მქონდა ასეთი ნაფიქრი, რადგან ვიცოდი რა შევბნელ ძალასთანაც გვქონდა საქმე. შესაბამისად, დღეს 110-მდე „ოცნების" კომისიის წევრი რეალურად ჩვენი გულშემატკივარია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ჩვენზე იმუშავებენ. ისინი უბრალოდ დაიცავენ კანონს.
გუშინ არასამუშაო დროს, 18:30 საათზე მათ ნაწილს 75-მდე ადამიანს შევხვდი. მათთვის არავითარი დავალება არ მიმიცია, გარდა იმისა, რომ დაიცვან კანონი.
ამ ადამიანებს შორის არიან, როგორც კომისიის თავმჯდომარეები, ასევე მდივნები და მოადგილეები", - საუბრობს, ომაიძე.
„ ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ასევე დასძენენ, რომ თუ რომელიმე პარტია ცდილობს ამ ხალხის პარტიულ საქმიანობაში ჩაბმას კანონს არღვევს, რადგან კომისიის წევრები ვალდებულები არიან ნეიტრალურები იყვნენ.
საქართველოს საარჩევნო კოდექსით კომისიის წევრი არ უნდა იყოს პარტიის ინტერესების გამტარებელი. მას ევალება ამომრჩეველთა ნების დათვლა და საარჩევნო პროცედურების კანონის ფარგლებში შესრულება.
მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით