კვირა, 22 სექტემბერი 2019 წ.  00:13 
რუსთავის შშმ პირთა ცენტრს ბენეფიციარების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ - 25 ივნისი 2014

ააიპ „რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის" მიმართ ბრალდებები ისმის. ცენტრი, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტი 200 ათას ლარზე მეტით აფინანსებს და ემსახურება 115 ბენეფიციარს - დღეს, როგორც სახალხო დამცველის ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყურადღების ცენტრშია.

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალთან" აღნიშნული მუნიციპალური ცენტრის საკითხზე მისი დამაარსებელი და ყოფილი ფსიქოლოგი საუბრობენ. 

ცენტრის შექმნას საფუძველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სფეროს ექსპერტმა, ნინო მარუაშვილმა 2007 წელს ჩაუყარა საფუძველი - წითელი ჯვრის პროგრამის ფარგლებში. საუბრობს, რომ იმჟამად რუსთავის მერმა დავით ნადაშვილმა ურჩია არასამთავრობოს ნაცვლად შეექმნა მუნიციპალური ააიპი, რომელსაც სამართლებრივად ადვილად დააფინანსებდა მერია. ასევე ნადაშვილის რჩევით ნინო მარუაშვილის პროექტის საფუძველზე შემნილ ცენტრს - მენეჯმენტის მართვის სათავეში ნანა ზარეკიძე ჩაუდგა. მარუაშვილი ამბობს, რომ ის გარკვეულ დრომდე არ ერეოდა ცენტრის მენეჯმენტის საკითხში და ზერეკიძესთანაც დადებითი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა დროთა განმავლობაში ცენტრში რიგი დარღვევები გამოიკვეთა, რაც ხელს უშლიდა ბენეფიციარებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებას და იძულებული გახდა - არსებულ პრობლემებზე ღიად ესაუბრა. 

„ აღნიშნული ცენტრის გახსნამ გამოიწვია ქალბატობი ნანა ზარეკიძის საბავში ბაღის გაუქმება, რომელიც ამავე შენობაში იყო. ამ ფაქტს ყოველთვის ხაზს უსვამდა ზერეკიძე და ამბობდა, - მოვიდა მარუაშვილი და მომიყვანა თავისი გიჟები-ო. აი, სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა მას ბენეფიციარების მიმართ. 

შემდეგ ქალაქის ხელმძღვანელობამ მისცა საშუალება ცენტრის შენობაში გაეხსნა ინტეგრირებული ბაღი. ჩვენი ურთიერთობაც ამის შემდეგ გაფუჭდა. ვხედავდი, რომ აღნიშნული ბაღი იკვებებოდა ცენტრის ხაჯზე; ეფექტურად არ მიდიოდა ჩემი პროგრამის შესრულება, რადგან მქონდა ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი, არ მქონდა დროულად საჭირო მედიკამენტები, არ მქონდა საკანცელარიო მასალები; ბენეფიციარებს აწვდიდნენ უხარისხო საკვებს. ეს ეხება განსაკუთრებით პურ-ფუნთუშეულს. საცხობი, რომელიც გვამარაგებდა აქვე იყო და მე არაერთხელ თავადაც გადამიტანია მათთან პური, რომელშიც ბეწვი იყო. ასევე პური ხშირად მჟავე იყო. გვქონდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა ძიძამ უარი განაცხადა ბენეფიციარისთვის ფაფის მიტანაზე. მან განაცხადა, - უკაცრავად, მაგრამ თაგვის ცურცლიან ფაფას მე ბენეფიციარს ვერ ვაჭმევ-ო.

ჩვენ გვინდოდა ამ მდგომარეობის გამოსწორება და რეაგირებისთვის მერიას მივმართეთ. დაიწერა კოლექტიური წერილი, რომელსაც 18 თანამშრომელი და 50-მდე მშობელი აწერდა ხელს. თუმცა ამ ყველაფერს დაედო სარჩული, რომ მე დირექტორობა მინდოდა და ამიტომ ვსაუბრობდი ამ თემებზე", - აცხადებს, ნინო მარუაშვილი. ამბობს, რომ ასეთი პრობლემური საკითხების გაპროტესტების გამო, მას ზერეკიძემ ხელშეკრულება არ გაუგრძელა. 

როგორც ამ სფეროს ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსგავსი დაწესებულებები არ უნდა მუშაობდნენ შესაბამისი მუდმივი მონიტორინგის გარეშე. თვლის, რომ რუსთავის თვითმმართველობა უნდა აქცევდეს ყურადღებას რაში იხარჯება მისი ბიუჯეტით ცენტრისთვის გამოყოფილი თანხები, რამდენად მიზნობრივად და აწვდიან, თუ არა ბენეფიციარებს ხარისხიან სერვისს. საუბრობს, რომ ცენტრს აქვს კვალიფიციური კადრების პრობლემა და თანამშრომლების მიღება ნაცნობობით ხდება - ეს მაშინ, როდესაც შშმ პირებთან უნდა მუშაობდნენ მხოლოდ შესაბამის გამოცდილების და კვალიფიკაციის ადამიანები.

რუსთავის შშმ პირთა ცენტრში არსებულს პრობლემებზე საუბრობს, აღნიშნული აიპის ყოფილი ფსიქოლოგი, ნინო ნანუაშვილი. თითქმის ყველა საკითხი, რასაც პრობლემურად ასახელებდა ჩვენთან საუბრისას მარუაშვილი - გვიდასტურებს ნინო ნანუაშვილიც. ამბობს, რომ ცენტრს ხელმძღვანელობს პროფესიით ფიზიკოსი ნანა ზერეკიძე, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ცოდნა, თუ რა სპეციალური საჭიროებები აქვთ ბენეფიციარებს. საუბრობს, რომ ზერეკიძის დამოკიდებულება ჯანსაღი არაა, არც თანამშრომლების მიმართ. აცხადებს, რომ ცენტრის პრობლემებზე ღიად საუბრის გამო, ისიც მარუაშვილის მსგავსად გახდა მიუღებელი ზერეკიძესთვის და ხელშეკრულება არ გაუგრძელეს. ინტერვიუს დროს ფინანსურს თემებსაც ეხება.

„ პირველი ჩემი გაკვირვება ცენტრში სპეც. პედაგოგად მუშაობის პერიოდში დიეტ. ექთანმა გამოიწვია, რომელმაც მომიტანა ტაბელის ფურცლები და მომთხოვა ჯგუფში ბენეფიციართა ყოველდღიური დასწრება ჟურნალშიც და ტაბელშიც ჩამეწერა ფანქრით ხოლო ხელმოწერა დამეფიქსირებინა კალმით, როდესაც სხვა პედაგოგებს შევეკითხე მათაც იგივეს სთხოვდა თუ არა დამიდასტურეს, რომ კი ეს ასეა და ისინიც ანალოგიურად იქცეოდნენ. სწორედ მაშინ გამოვხატე პირველი პროტესტი, შევედი დირექტორთან და მოვახსენე, რომ ეს იყო ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც ბენეფიციართა ყოველდღიური დასწრება აღინიშნებოდა და ამის საფუძველზე ხდებოდა საკვების დამზადება და გადანაწილება და სადაც მე ფანქრით მთხოვდნენ დაფიქსირებას იქ, მე ხელს არ მოვაწერდი, რაზეც დირექტორმა მიპასუხა, რომ რასაც დიეტ. ექთანი გეტყვის ისე გააკეთებ იმიტომ, რომ ჩათვალე მე გეუბნები მის მაგივრად-ო", - საუბრობს, ცენტრის ყოფილი ფსიქოლოგი, ნინო ნანუაშვილი.

ყურადღებას ამახვილებს ბენეფიციარებისთვის მიწოდებული სერვისის ხარისხზე და ცენტრში მომუშავე პირთა კვალიფიკაციაზე. 

„ ჩემი პროტესტი მოჰყვა, პროგრამის არარსებობას ცენტრში. ასევე არ არსებობდა არანაირი ცხრილები, ბენეფიციარები ისხდნენ მერხებთან (დღემდე სკოლის არაადაპტირებული მერხები დგას) უტარდებოდათ ერთ საათიანი გაკვეთილები, არ არსებობდა არანაირი ასაკობრივი ჯგუფები, ერთად ისხდნენ 25 წლის და 6 წლის ბენეფიციარები და ასწავლიდნენ ყოველგვარი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე სხვადასხა საგნებს სკოლის სახელმძღვანელოებით. საერთოდ არ კითხულობდა პროექტის მენეჯერი რა და როგორ ხდებოდა ცენტრში, ადმინისტრაცია ბენეფიციარებს მხოლოდ ზეიმების დროს ხედავდა, რათა მოსული სტუმრებისთვის მოეწყოთ საჩვენებელი დადგმები და ენახებინათ რომ ცენტრში ყველაფერი კარგად იყო და ამ ტრადიციას დღემდე არ ღალატობენ.

2012 წლის იანვარში დიდი ბრძოლის და ნერვების ფასად, როგორც იქნა დამთანხმდნენ რომ დაემტკიცებინათ ჩემი ხელმძღვანელობით შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სწავლების ზოგადი პროგრამა დღის ცენტრში, რომელიც მოიცავს ზოგად საგანმანათლებლო საგნებს და კორექციულ კურსებს, ასევე ბენეფიციარების სოციალურ აღზრდას, სოციალურ-შრომითი საქმიანობების დაუფლებას, პრაქტიკული საქმიანობის და ფუნქციონალური უნარების განვითარებას. პროგრამის ფარგლებში მოხდა ასევე პედაგოგთა როტაცია, მაგრამ დღემდე ამ პროგრამას მხოლოდ საბუთად იყენებენ ვინმეს რომ წარუდგინონ, რეალურად არ ხდება პროგრამის მიხედვით მუშაობა და ვისაც რა უნდა იმიას აკეთებს. 

2012 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციის მოთხოვნით დამევალა 6-8 წლიდან 17 წლის ჩათვლითა და 18 წლიდან ზემოთ ასაკობრივი ჯგუფების ზოგადი საგნობრივი პროგრამის და თერაპიების მონიტორინგი, სადაც მკაფიოდ გამოიკვეთა ცალკეული სპეც. პედაგოგების არაკვალიფიციურობის საკითხი, ასევე პროგრამის სრულყოფილ მუშაობას ხელს უშლიდა სპეც. საჭიროებების და განმავითარებელი საშუალებების არ ქონა, არადააპტური გარემო, არ ხდებოდა რ/ა გეგმის მიხედვით მუშაობა, და ფუნქციონალური უნარების განვითარების ხელშემწყობი მუშაობა. პროგრამების მენეჯერმა და დირექტორმა, მიუხედავად იმისა რომ ეს მონიტორინგი იყო მათი მოთხოვნა იქ ასახული დარღვევების გამო, არ მიიღეს და შესაბამისად არ მოხდა მონიტორინგში გამოკვეთილი პრობლემების აღმოსაფხვრელად არანაირი ზომების მიღება. ცენტრში დღემდე მწვავედ დგას სპეციალისტთა არაკვალიფიციურობის საკითხი, უმეტეს მათგანს საერთოდ არ გააჩნიათ შესაბამისი აკადემიური განათლება იმ სფეროში, რომელ პოზიციასაც იკავებენ ცენტრში, რაც ბუნებრივია უარყოფითად აისახება ბენეფიციარებთან დამოკიდებულებაზე და მათი სწავლების და განვითარების პროცესზე", - აცხადებს, ნანუაშვილი. 

ცენტრში მუშაობის პერიოდში ნინო ნანუაშვილი საუბრობს, რომ გამოიკვეთა შშმ პირებზე ფსიქოლოგიური და ფიზკური ძალადობის ფაქტები. 

„ 2013 წლის ნოემბერში ვიმყოფებოდი ჩემს კაბინეტში სადაც ჩემთან ერთად იმყოფებოდა ინდივიდუალური მომსახურების პროგრამის ბენეფიციარი და მისი მშობელი, ჩემი კაბინეტის მოპირდაპირედ არის უმცროსი ასაკის ბენეფიციართა ჯგუფი, მომესმა პედაგოგის მანანა ლაზარიაშვილის და ბენეფიციარი ნ.ს ხმა, პედაგოგმა ის დერეფანში ჩემი კაბინეტის წინ გამოიყვანა (ნუგზარი არის ეტლითმოსარგებლე) და ხმამაღალი ხმით ეუბნებოდა მოეხადა მისთვის ბოდიში, რაზეც ნუგზარი ყვირილითვე პასუხოვდა არას. ამის შემდეგ გავიგე დარტყმის ხმა, რასაც ბენეფიციარის ტირილი მოჰყვა, ვეცადე დამეფარა ჩემი ემოციები არ დამიტოვებია კაბინეტი რათა კაბინეტში მყოფი ბენეფიციარის ყურადღება არ გადამეტანა ამ ფაქტზე, ის ასრულებდა ჩემს მიერ მიცემულ დავალებას, თუმცაღა რეაქცია ქონდა ამ ხმაურზე და ვთხოვე გაეგრძელებინა საქმიანობა, როდესაც განვთავისუფლდი, უკვე სამუშაო საათები დამთავრებული იყო, ბენეფიციარები ემზადებოდნენ სახლში წასასვლელად, მოვიკითხე ნუგზარი იგი ჩვეულებისამებრ 15-20 წუთით ადრე ტრანსპორტს არ ელოდებოდა საერთო მოსაცდელ ოთახში, მივტრიალდი კიბეებისკენ და შევნიშნე რომ როდესაც უკვე ტრანსპოტრი მოვიდა ის დაგვიანებით ჩამოყავდა მეორე სართულიდან ძიძას ირმა გრიგალაშვილს და მის პედაგოგს. ამ ფაქტს ცენტრის ექიმიც შეესწრო, ნუგზარის მარჯვენა ლოყა ჰქონდა დაწითლებული. პედაგოგი ეუბნებოდა, რომ მას თავისთან მიყავდა სახლში და ტკბილეული უნდა მიეცა. მეორე დღეს, როდესაც ოქმის შედგენა დავაპირე გაირკვა, რომ ეს პედაგოგი შვებულებაში იყო გასული, ეს ინფორმაცია ვაცნობე დირექტორსაც და დავიბარე მისი მშობელიც, რომელმაც ჩემთან პირად საუბარში თქვა, რომ ნუგზარის სახლში არაფერი უთქვამს და ხშირად არ ამბობს ხოლმე არაფერს, მაგრამ შეამჩნია რომ მოუსვენრად ეძინა და ღამე ბორგავდა ლოგინში.

მეორე ფაქტი იგივე პედაგოგსა და იგივე ბენეფიციარზე დაფიქსირდა დეკემბრის თვეში, იმ დღეს არ ვმუშაობდი. მეორე დღეს შევესწარი საუბარს ნუგზარის დედა პედაგოგს მანანა ლაზარიაშვილს ეკითხებოდა მან სცემა თუ არა წინა დღით მის შვილს. ამ ფაქტს შეესწრო ექიმი ხათუნა ბაკურაძეც. აღნიშნული ფაქტი მშობელმა ჩემთანაც მოყვა და თქვა ისიც, რომ ნუგზარის ძალიან თუ არ ჩაეკითხა არასოდეს იძახის მსგავს ამბებს. ბენეფიციარს უთქვამს ისიც, რომ პედაგოგს გაუფრთხილებია არავისთვის ეთქვა რაც მოხდა. 

ვინაიდან წინა დღით მე არ ვმუშაობდი ინფორმაციის მიღება ვცადე ძიძებისაგნ მათ მომიყვნენ, რომ სასადილო ოთახში კვების პერიოდში ნუგზარმა შეაგინა ოთახში მყოფ ბენეფიციარებს, რის გამოც პედაგოგმა მანანა ლაზარიაშვილმა გამოიყვანა სასადილო ოთახიდან ატირებული მუქარით და დაშინებით - „ დალი (ექთანი) გაგიკეთებს ნემსს" და „ თაგვების ხელმწიფესთან წაგიყვან," ბენეფიციარი განაგრძობდა ტირილს სანამ ლარისა გელხაურმა (ძიძა) არ დაამშვიდა. პედაგოგმა მანანა ლაზარიაშვილმა ეს სიტუაცია ასე ახსნა რომ ის გააბრაზა და გააღიზიანა ნუგზარის გინებამ და მას მოერიდა იქ მყოფი სხვა ბენეფიციარების, ამიტომ დაემუქრა და გამოიყვანა სასადილო ოთახიდან.

ამის შესახებ შედგენილია ოქმიც რომელზეც არსებობს ძიძების ხელმოწერებიც და არსებობს შემთხვევის ანალიზი თავისი რეკომენდაციით, რომელიც არ მიიღო პედაგოგმა და ამის გამო სცადა კონფლიქტი მოეწყო ჩემთვის. ასევე საყვედური უთხრა ძიძებს იმის გამო, რომ ხელი მოაწერეს ოქმზე, გარდა პედაგოგისა, როგორც ძიძებმა შემდგომ მითხრეს არც დირექტორს მოწონებია მათი ხელის მოწერა ოქმზე. 

აღნიშნულ ფაქტებზე საუბარი მქონდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან. მან განაცხადა, რომ მუნიციპალურ დაფინანსებაზე მყოფი ცენტრების მონიტორინგი და ზემოაღნიშნულ დარღვევებზე რეაგირება მათ კომპეტენციაში არ შედის ვინაიდან ეს ცენტრები მათ არ ექვემდებარებიან. ასევე განაცხადა: - რუსთავს თუ სურს ყაროს თანხები ჰაერში და მიაწოდოს უხარისხო სერვისი ეს მხოლოდ მისი პრობლემააო", - საუბრობს, ნინო ნანუაშვილი. 

აცხადებს, რომ თვითმმართველობაში გავლენიანი მეგობრების წყალობით ზერეკიძე ამ დარღვევების მიუხედავად უპრობლემოდ აგრძელებს მუშაობას - წლების მანძილზე. ახლა კი, როდესაც მთავრობა შეიცვალა ნანუაშვილის ინფორმაციით ზერეკიძემ თანამშრომლებს განუცხადა, რომ მას არავისი ეშინია და „მთვარეზეც კი მოძებნის ნაცნობს". 

აღნიშნული ბრალდებების შესახებ „ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი" ცენტრის ხელმძღვანელს, ნანა ზერიკიძეს ესაუბრა. მისი განცხადებით მარუაშვილი და ნანუაშვილი არიან მასზე განაწყენებული - გაშვებული თანამშრომლები. ამბობს, რომ ცენტრი 7 წელია მუშაობს და სულ ორი თანამშრომელი ჰყავს გაშვებული. 

„ მე რომ ასეთი ბუა ვიყო, 7 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი თანამშრომელი მეყოლებოდა გაშვებული?! რაც შეეხება ნინო ნანუაშვილს გეტვით, რომ მქონდა ცხადია შენიშნვები აბა, ისე რატომ გავუშვებდი. ფსიქოლოგი უნდა აწესრიგებდეს ყველაფერს. მას კი ინტრიგა შემოჰქონდა თანამშრომლებში. არ ვარ ვალდებული ყველა შენიშნვა კიდე დავასახელო, რაც მის მიმართ მქონდა.

რაც შეეხება ნინო მარუაშვილს, იცით რა, მე სადღაც მესმის კიდეც ამ ადამიანის. გეფიცებით ქუჩაში, რომ მხვდება, რაღაც ნაირი თბილი დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ. ვაფასებ ამ ადამიანს - ნიჭიერი გოგოა ნამდვილად. საქმე იმაშია, რომ მარუაშვილის ნაცვლად მაშინ ქალაქის ხელმძღვანელობამ მე დამნიშნა ცენტრის დირექტორად, არადა ამ ცენტრში, როგორც ბავშვები ასევე თანამშრომლებიც მან მოიძია - მაგრამ ეს ხომ არ იყო ჩემი ბრალი?! მე თუ არა სხვას დანიშნავდნენ. 

მარუაშვილს არ გაუგრძელე ხელშეკრულება, რადგან საჩივრების წერა დაიწყო, ეტლიანი ბავშვების გამოყვანა უნდოდა აქციაზე მერიასთან. მას რეალურად დირექტორობა სურდა", - საუბრობს ზერეკიძე.

პასუხობს კითხვებს ცენტრის ფინანსურ საკითხებზე და თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე.

„ ძალან რთული იყო მაშინ შესაბამის კვალიფიკაციის კადრების პოვნა. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყველა ჩემი თანამშრომელი ერთ სიმაღლეზე დგას, მაგრამ ერთის გარდა ყველა პედაგოგი არის უმაღლესი განათლებით - პედაგოგიური გამოცდილებით და ამას ერთვის შშმ პირების მიმართულებით უცხოეთში გავლილი არა ერთი ტრენინგი. ის ერთი თანამშომელი, რომელსაც არ აქვს უმაღლესი განათლება ასწავლის ხელგარჯილობას.

მე თუ მაქვს შესაბამის კვალიფიკაცია?! მე მენეჯერი ვარ გენაცვალე, არ მევალება ვიყო სფეროს სპეციალისტი, თუმცა ამ მიმართულებით არა ერთ ტრენინგს ვესწრები, რადგან თვითონ მაინტერესებს. ახლაც გერმანიაში გახლდით", - აცხადებს ზერეკიძე. 

ამბობს, რომ ცენტრში კვების კუთხით სერიოზული პრობლემა არასდროს ჰქონია, თუმცა იყო ერთეული შემთხვევები სისუფთავის კუთხით წარმოქმნილი პრობლემის, თუმცა ეს თვლის, რომ ყველგან შეიძლება მოხდეს. გამორიცხავს ბენეფიციარებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებს. ტაბელების ფანქრით შევესების შესახებ კი საუბრობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ ტაბელში გადასწორებები არ ყოფილიყო. 

„ მე როდესაც ამ ცენტრის დირექტორი გავხდი ბავშვები იღლიის დეზოდორის ცარიელი ბოთლებით თანამშობდნენ. მე, ჩემი მეგობრების-ახლობლების დახმარებით მოვზიდე სათამაშოები ამ ბავშვებისთვის. მიუხედავა ამისა, მე არ ვუარყოფ იმას, რომ თავიდან 2-3 თვე ძალიან გამიჭირდა ამ ბავშვებთან მუშაობა. 

აქ, რომ დამნიშნეს, ჩემთვის ეს იგივე იყო ადამიანს, რომელიც არ არის ექიმი თეთრი ხალათი ჩააცვა, ხელთათმანები მისცე და საოპერაციოში შეუშვა. ვერ გავდიდიოდი ამ ბავშვებთან, მეშინოდა რამე არასწორად არ გამეკეთებინა.. არ მეთქვა აუ, ეს ხელი როგორ აქვს, ან რამე ასეთი არ წამომცდენოდა. მერე მე ვიგრძენი ეს უცხოობის მომენტი ბავშვებისგან და ჩემ თავს შემოვუძახე, რომ ასე არ შეიძლებოდა. ახლა თვითონ შეგილიათ ნახოთ, რა ახლო და თბილი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან მიყვარან ისინი", - დასძენს ზერეკიძე.

იმის გამო, რომ აღნიშნული აიპი მუნიციპალურია და მას თვითმმართველობა აფინანსებს, ცენტრს მონიტორინგს არ უწევს ჯანდაცვის სამინისტრო. კითხვაზე ახდენს, თუ ცენტრის მონიტორინგს მისი მთავარი დამფინანსებელი რუსთავის თვითმმართველობა, მერიაში გვპასოხობენ, რომ ასეთი დავალება სოციალურ სამსახურს საკრებულოსგან არ მიუღია. თავად საკრებულოში კი აპარატის ხელმძღვანელი მაია დოლიძე სატელეფონო საუბარში გვიხსნის, რომ ცენტრს ჰყავს კვალიფიციური თანამშრომლები და არ აქვს არავითარი ფინანსური დარღვევა. ამბობს, რომ აღნიშნული თემა „საფრთხილოა", რადგან ქალბატონი ნანა ზერეკიძე არის ადამიანი, რომელიც „ გადაყოლილია" ცეტრის ბავშვებს. 

მიუხედავათ თვითმმართველობის დადებითი შეფასებისა, ცენტრის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ეს არის დაწესებულება, სადაც მუდმივად „მადლობის რეჟიმში" ჰყავთ მშობლები, იმისთვის რომ უვლიან მათ შვილებს. იგივე ეხებათ თანამშრომლებსაც, რომელთაც აყვედრიან მათზე გაცემულ ხელფასებს.

ცენტრის ყოფილი თანამშრომლები იტოვებენ იმედს, რომ რუსთავის ახალი საკრებულო გამოიჩენს ყურადღებას აღნიშნული საკითხის მიმართ.

 

მანონ ბოკუჩავა

kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია