საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება გერმანული ფონდის ,,ებერჰარდ შოკის" აღმასრულებელი დირექტორი, პეტერ მოელერი. ფონდი უკვე 22 წელია არსებობს და იგი პროფესიულ განათლებას ავრცელებს სამშენებლო მიმართულებით.
ფონდის დახმარებით ხდება მშენებლების, ელექტრიკოსების, სანტექნიკოსების, მღებავებისა და დურგლების გადამზადება. ,,ებერჰარდ შოკი" აქტიურად მოღვაწეობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და შესაძლოა ის, რამდენიმე თვეში საქართველოშიც დაფუძნდეს.
პეტერ მოელერი, ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრთან - დოქტორ იურგენ ვიკერტთან ერთად ბოლნისში იმყოფებოდა. მას მასპინძლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ჯონი ხეცურიანმა გაუწიეს.
,,ებერჰარდ შოკის" წარმომადგენლებმა მასპინძლებს ფონდის საქმიანობის შესახებ მიწაოდეს ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნეს. შეხვედრის შემდეგ კი ბოლნისის გერმანული უბნები დაათვალიერეს.
„ ეს არის კერძო ორგანიზაცია, რომელიც ეწევა ადამიანების პროფესიულ განათლებას სამშენებლო კუთხით. ჩვენს მიერ გახსნილი პროფესიული სასწავლებლები წლებია წარმატებით მუშაობენ რუსეთში, უკრაინაში, ლატვიაში, სადაც სრულიად უფასოდ იღებენ განათლებას და ხდებიან საკმაოდ კარგი დურგლები, მშენებლები, მღებავები, სანტექნიკოსები, ელექტრიკოსები და ა.შ.
სწორედ ამ კუთხით გვინდა ვიმუშაოთ საქართველოშიც. თუმცა ჯერ ეს იდეის დონეზეა. შევისწავლით თქვენ ქვეყანას და ვნახავთ, თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში ვიცი, რომ გერმანული არქიტექტურის მხრივ ძალიან საინტერესო კუთხეა ბოლნისი და ჩამოვედი ამ ქუჩების სანახავად", - საუბრობდა, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, პეტერ მოელერი.
KKPRESS.GE