ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 წ.  06:36 
,, საქართველო 2020“ ქვეყნის მთავარი გამოწვევების დასაძლევად - 29 ნოემბერი 2014

 

საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განითარების სტრატეგია ,,საქართველო-2020" შექმნა. ვალდებულება აიღო, რომ ყველა უწყება კოორდინირებულად იმუშავებს იმ ამოცანების შესრულებისთვის, რომელიც დოკუმენტში ასახა.

მთავრობა აღიარებს, რომ ქვეყნას სხვადასხვა მიმართულებით აქვს პრობლემები, რაც მოსახლეობის ცხოვრების დონეზე აისახება და მზადაა მათ დასაძლევად. 

პირველი სირთულე, რასაც ,,საქართველო-2020" უნდა გაუმკლავდეს - უმუშევრობის საკითხია. დოკუმენტი ამბობს, რომ პრობლემა ხელისუფლებას გააზრდებული აქვს და მასთან გამკლავებისთვის ერთ-ერთი ბერკეტი, ჯანსაღი ბიზნეს გარემოს შექმნაა. 

,, საქართველოს განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ეს მიიღწევა კონკურენტუნარიანობის ზრდის ფაქტორების დაძლევით და განვითარების იმ პერსპექტივების გათვალისიწნებით, რომლებიც ქვეყანას ამ ეტაპზე აქვს, ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს, რომლის შედეგებიც მოსახლეობის ფართო ფენისთვის იქნება ხელმისაწვდომი, კონკურენტუნარიანი კერძო სექტორი უზრუნველოფს", - ვკითხულობთ სტრატეგია ,,საქართველო 2020"-ში.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი -KKPRESS" დაინტერესდა მაინც, რა არის დღეისთის ბიზნესის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი და რასთან გამკლავება მოუწევს სტრატეგიას. 

მაშინ, როდესაც მთავრობამ მიიღო სტრატეგია იმისთვის, რომ დაეხმაროს მოსახლეობას და მათ შორის ბიზნესის მკეთებელ საზოგადოებას - შპს-ების, ინდ მეწარმეები ნაწილი აცხადებს, რომ ისინი მთავრობას არ ენდობიან. 

მათთვის ხელისუფლება, ჯერ კიდევ არ არის სანდო პარტნიორი, რომელსაც ეტყვიან რა უშლით ხელს და თან ზუსტად ეცოდინებათ, რომ კრიტიკისთვის მათ წინააღმდეგ - საგადასახადო ბერკერს ბოროტად არ გამოიყენებენ.

კომენტარები ,, მადლობელი ვართ მთავრობას" იცვლება კონკრეტული პრობლემების დასახელებით, როდესაც საუბარი პრივატული ხასითის ხდება. რუსთავის სტამბულის ბაზრის გარშემო მომუშავე სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, რომ მათი მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი შემოსავლების სამსახურია. საუბრობენ, რომ სურთ ჩეკების სისტემა ფიქსირებული გადასახადით შეიცვალოს. სხვა და უფრო მასშტაბურ პრობლემაზე საუბრობს საქართველოში 2 წლის წინ ჩამოსული ბიზნესმენი მეტარ ინჟე. ის ტანსაცმლის ბიზნესით არის დაკავებული. ამბობს, რომ რამდენიმე დღეში საქართველოში თავის მეორე მაღაზიასაც დახურავს. მიზეზი კი ერთია - მისი დაკვირვებით, ხალხს არ აქვს სამსახური და შესაბამისად არ აქვს ფული. 

ამ პრობლემის მოგვარებას შეეცადა თავისთვის, 40 წლის ზურაბ ბერიძე. საუბრობს, რომ გარდაბნის რაიონში პურის საცხობი გააკეთა და ცოტა ხანში საფრთხის წინაშე დადგა, რომ თავად მისი ოჯახი არ დარჩენილიყო პურის გარეშე. 

,, მე არ ვამბობ, რომ მთავრობა იყო ვალდებული ძიძასავით დამდგომოდა თავზე და აეხსნა რას გულისხმობდა რეალურად ეს საქმე, მაგრამ როდესაც გაქვს ამხელა უმშევრობა ქვეყანაში - ჩემი აზრით არ არის რეალობას მოწყვეტილი სცადო და ადამიანებს ასწავლო ,,თევზის დაჭერა."

მე პირადად გამიმართლა, თუ ამას გამართლება ჰქვია იმით, რომ თონე ნათესავებისგან აღებული ფულით გავაკეთე და არა ბანკის სესხით. მთავარი ჩემი პრობლემა კი ის იყო, რომ დავიწყე ბიზნესი ისე, რომ რეალურად არ ვიცოდი რა მელოდა და რა სჭირდებოდა ამ საქმეს",- საუბრობს აწ, უკვე ყოფილი მცირე მეწარმე ზურაბ ბერიძე. 

,, თევზის დაჭერის" სწავლის საჭიროება არ გამორჩენიათ ,,საქართველო-2020" -ის შემქმნელებს. 

,, ბიზნესისი კონკურენტულობის ზრდა დამოკიდებულია სამეწარმეო უნარების განვითარეის ამაღლებაზე. აქედან გამოდინარე სსიპ - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დამწყები და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების სამეწარმეო უნარების განვითარება იქნება", - ვკითხულობთ სტარეტეგიაში. 

ბატონი ზურაბი აწი, დაინტერესდება თუ არა ამ უნარების შეძენით რთული სათქმელია, თუმცა ამ კატეგორიის ადამიანებთან ერთად არსებობენ ისეთებიც, რომელთაც მხარდაჭერა ამ კუთხით აღარ სჭირდებათ. 

ილჰამ მუსტაფაევი ხელმძღვანელობს საწარმო GEOFEED, რომელიც ათობით სხვადასხვა სახეობის საკვებს ამზადებს - ოღონდ არა ადამიანებისთვის, არამედ იმათთვის რასაც მივირთმევთ. საწარმო გრანულირებულ საკვებს ამზადებს საქონლისთვის, თევზებისთვის, ფრინველებისთვის და კურდღელებისთვის. 

,, შემიძლია გითხრათ, რომ მადლობელი ვარ მთავრობის - ყველანაირად მეხმარებიან. ახლაც ავიღე პროგრამით ,,აწარმოე საქართელოში" კრედიტი და წარმოება გავაფართოვე. წინათ, თუ 1 საათში ვაწარმოები 10 ტონა კორმას, ახლა ვაწარმოებ 20 ტონას. თვეში კი გამოდის დაახლოებით 800-900 ტონა. 

აქვე გეტვით, რომ მთავარი ვინც აკეთებს ამ საქმეს, ტექნოლოგი ადგილობრივი ვერ მოვიძიეთ და არის აზერბაიჯანის მოქალაქე. სხვა მხრივ ჩემი მიზანი ნამდვილად ადგილობრივების დასაქმება იყო და დანარჩენები აქაურები არიან", - აცხადებს, მუსტაფაევი. 

ამბობს, რომ მთავარი პრობლემა მისთვის საკვების შესახებ ფერმერების და კერძო პირების ინფორმირებაა. 

,, გადასახადებს რაც შეეხება არ არის მაღალი. მე გეტყვით ერთ გამოთქმას, კანონები გადასახადების შესახებ ყველა ქვეყანაში არიან ერთი დედის გაჩენილი შვილები", - საუბრობს გარდაბნელი მეწარმე და დასძენს, რომ ამ ეტაპზე მისი მთავარი ამოცანა ქართული ბაზრის ათვისებაა - ევროპაზე ჯერ არ ფიქრობს. 

,, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნების შესახებ და ახალ შესაძლებლობებზეც, მაგრამ იმ სერთიფიკატებს რაც საჭიროა მათ ბაზარზე გასასვლელად მცირე თანხები არ სჭირდება, ამიტომ ჯერ აქ უნდა დავდგეთ ფეხზე." 

გვიყვება, რომ რამდენიმე დღის წინ ახალი პოტენციური შემსყიდველები ესტუმრნენ და შესაძლებელია მისი ნაწარმი ირანში წაიღონ.

,, საქართველო საქონელს და მომსახურებას გზა გაეხსნება ევროკავშირის შიდა ბაზარზე, შეიქმნება ქვეყნის საექოსპორტო პოტენცილიის მაქსიმალური გამოყენების საფუძველი" - წერია ჩვენ სტრატეგია 2020-ში, თუმცა სანამ ეს სიკეთეები ხორცს შეისხამენ, მათზე ცოცხლად და ,,დღევანდელ კვერცხად" ბიზნესისთვის ირანელი შემსყიდველები გამოიყურებიან. 

ამ დროისთვის ევროპის ბაზრის ათვისება ჯერ არ დაუწყია რუსთავის ცემენტრის ქარხანასაც. საწარმოს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ამბობს, რომ მათ შეკვეთები აქვთ საქართველოს და აზერბაიჯანის ბაზრებიდან. წელს კი რადგან ,,ყველაფერი უკეთ იყო" 54-ით მეტი ადამიანის დასაქმება შეძლეს. საერთო ჯამში ჰაიდელბერგ ცემენტ - საქართველო, რომელიც ორ შპს-ს მართავს რუსთავში 474 ადამიანს ამუშავებს.

,, მოგეხსენათ ცემეტრის წარმოება არის სპეციფიური საქმე. ჩვენ გვჭირდება ზეინკლები, ელექტროშემდუღებლები, ცემენტის მბრუნავი ღუმელის ოპერატორები, წისქვილის ოპერატორები. 

ვთანამშრომლობთ პროფესიულ სასწვალებლებთან, თუმცა ძირითად სპეციალობებზე, რაც ჩვენ გვჭირდება - თავად ვამზადებთ კადრებს. დღეს ეს სპეციალობები სხვაგან არ ისწავლება", - საურობს ადიანური რესურსების მართვის მენეჯერი, ნანა ლომიძე.

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ,, საქართველო 2020" შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ძალის განვითრებაზეც წერს. 

,, სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალის განვითრება ინკლუზიური ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია. დასაქმების შესაძლებლობების ზრდა მტკიცე საფუძველს ქმნის საქართველოში მთელი მოსახლეობისთვის ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად", - წერია 2020-ში.

თითქმის ყველა სირთულე რასაც ბიზნესი და მსხვილი მეწარმეები აწყდებიან ასახულია აღნიშნულ სტრატეგიაში, თუმცა მაინც არსებობს კითხვა - შესრულდება კი აღნიშნული სტრატეგია, თუ იქნება მორიგ დოკუმენტი, რომელიც გამოწვევების დაძლევის საქმეში არ ჩაებმება.

კითხვის დასმის საფუძველი კი არსებობს. კერძო საკუთრების კონსტიტუციური უფლება, რომლის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია ჯანსაღი ბიზნეს გარემოს შექმნა - არის სახალხო დამცველის აპარატის ყურადღების საგანი.

აღნიშნული საკითხი იყო ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში. დღეს კი მისი აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი, ნათია კაციტაძე ამბობს, რომ ყველა საკითხი, რაც გასულ წელს სახალხო დამცველმა პრობლემურად შეაფასა, დღესაც ძალაშია და მათი არც ერთი რეკომენდაცია ამ მიმართულებით არ არის გათვალისწინებული.

კონკრეტულად კი სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია საკუთრების უფლების შეზღუდვაზე სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით და საბანკო ანგარიშების უკანონო დაყადაღებაზე. ანგარიში, რომელიც კონკრეტული საქმეების მიხედვით დაიწერა, ყვება ისტორიებს ადამიანებზე, რომელთაც ანგარიშები და ქონება ისე დაუყადაღეს, რომ ისინი ოფიციალურად/სამართლებრივად არ იყვნენ საქმის მონაწილე პირები. 

,, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ წლების განმავლობაში შესწავლილი არაერთი შემთხვევა ცხადყოფს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესში საკუთრების უფლების დარღვევის ალბათობა მაღალია", - წერია აღნიშნულ ანგარიშში. სახალხო დამცველის აპარატში საკუთრების უფლების დაცვის კუთხით არსებულ სხვა სირთულეებზეც საუბრობენ. 

,, სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში განხილული პრობლემები დღესაც აქტუალური რჩება.

სისხლისსამართალწარმოების შედეგად ამა თუ იმ ფორმით ჩამორთმეული საკუთრება კვლავ არის აქტუალური, რადგან არ შექმნილა ძალაში შესული განაჩენების გადასინჯვის მექანიზმი, სხვა საშუალება ამ საკითხებზე დავის წარმოების კანონმდებლობით არ არსებობს; არის შემთხვევები, როდესაც იძულების და ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ეს პირები მიმართავენ პროკურატურას, თუმცა, ჩვენთვის არ არის ცნობილი მსგავსი საქმეები სადაც გამოძიება წარმატებით დასრულდა; სამოქალაქო წესით დავის წარმოებისავის კი როგორც წესი გასულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები.

მეორე საკითხი არის სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობილი ქონება ან/და ჩუქებით გადაცემული, რაზეც ეხლა ყოფილი მესაკუთრეები დავობენ და აცხადებენ, რომ მათ ეს ქონება სხვადასხვა ფორმით ზეწოლის შედეგად დათმეს სახელმწიფოს სასარგებლოდ. ამ საკითხებზე დღემდე არ არის ჩვენთვის ცნობილი არცერთი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ განხილვის შედეგად განმცხადებლის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

ყველა ზემოაღნიშნული შემთხვევების შესახებ საქმეები არის სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში დღემდე, გაცემულია არააერთი რეკომენდაცია, მაგრამ შედეგი არცერთ მათგანზე ჯერ არ დამდგარა", - საუბრობს, ომბუცმების აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი, ნათია კაციტაძე.

შესაბამისად სტრატეგიას ,,საქართველო 2020" რომელმაც უნდა შეძლოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაზრდა - პირველი ნაბიჯების გადადგმა უწევს ნიადაგზე, სადაც კეთილდღეობის ძირითადი საფუძველი სამართლიანი კანონები და მათი უზენაესობა - ჯერ კიდევ არც ისე მყარია.

 

მანონ ბოკუჩავა


მასალა მომზადებულია ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) და ბრემენის უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში: ,, სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება." 

პროექტი ხორციელდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

„ არა ბატონო, ჩვენ არ ვართ ოცნების კოორდინატორები, ჩვენ ვართ ოცნების აგიტატორები“ - არჩევნები რუსთავში +(video)

რუსთავში სპორტკომპლექსის საშხაპეები და სველი წერტილები სავენტილაციო სისტემის გარეშე მოაწყვეს 

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია