ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 წ.  09:14 
შშმ პირთა რთულად მოსაპოვებელი ადგილი ,,მზის ქვეშ“ - 19 ოქტომბერი 2016

 

,, სპორტულ ღონისძიებებში მივიღე მონაწილეობა. კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ ყველამ ჩემ ნაცვლად ეტლი დაინახა" - წერდა ჩემი ერთი ნაცნობი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, სოციალურ ქესლში.

რესპოდენტების შერჩევამდე ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, ადამიანი ეტლში - არ იქნებოდა ამ მასალის ფანჯარა.

მიუხედავად ამისა ისტორია, რომლითაც ვიწყებ საუბარს და ალბათ, მთელი მასალაც ეხება იმას, თუ როგორ გვიჭირს ჩვენ და ხელისუფლებას - შშმ პირებთან სწორი ურთიერთობა და შეზღუდულ შესაძლებლობებზე წინ - მათი დანახვა.

,, შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ზუსტად ათი წელი ვტიროდი იმის გამო, რომ მეზობელი რომელიც ძალიან მომწონდა გამარჯობას არ მეუბნებოდა. მთელი ბავშვობა განვიცდიდი ამას და ჩემ ოჯახის წევრებს ვეუბნებოდი, რომ ის არ მესალმება, რადგან მე არ ვარ ლამაზი", - ამბობს ლალი ბარათაშვილი.

ლალი 31 წლისაა. ჰყავს მეუღლე და ოთხი წლის გაბრიელი. ,, ერთდროულად ვარ ამქვეყნად ყველაზე მდიდარი და ყველაზე ღარიბი ადამიანი. მდიდარი ვარ იმის გამო, რომ გვერდით მყავს საყვარელი ადამიანები, დედა ვარ, მეუღლე - მაგრამ ჩემი ცხოვრება სხვებისაზე გაცილებით რთულია.

სამი წლის ასაკში დამიდგინეს, რომ მაქვს ცერემბრალური დამბლა. დედას 9 წელი ხელში აყვანილი დავყავდი. ჩემ თავს არავის აძლევდა. არ უნდოდა ვინმეს ეთქვა, რომ ჩემი არსებობით წუხდებოდა. ბევრი მიმკურნალეს. ვერ გეტყვი რამდენი, ალბათ ათასობით ნემსი გამიკეთეს. დღეს ვამბობ, რომ საცდელი კურდღელი ვიყავი. ახლა მკურნალობას არ ვიტარებ, უარი ვთქვი წამებაზე...

გადავადგილდები ოთახში კედელებზე, ან ნივთებზე დაყრდნობით. ამის გამო ბევრი უსიამოვნო ისტორია გადამხდა.

ერთხელ მეუღლეს უნდოდა, ცოტა შორ მანძილზე წავსულიყავით ერთად. სამარშუტო, რომ გააჩერა მძღოლს სთხოვა - ჩემი ეტლი ჩაედო ტრასპორტში. მან უარი გვითხრა და ამის გამო მათ შორის სერიოზული უსიამოვნება მოხდება. პატრულის გამოძახებაც დაგვჭირდა",- საუბრობს ლალი.

დღეს მისი ოჯახისთვის დიდი პრობლემა საკუთარი საცხოვრებლის უქონლობაა. ახალგაზრდა წყვილი ქირით ცხოვრობს.

,, მე მინდა მთავრობას ვუთხრა, რომ მართალია ჩვენ ვართ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები, მაგრამ ჩემი აზრით რაღაც უნარი -  ყველა ჩვენგანს აქვს. მინდა, შევძლოთ ამ უნარების გამოყენება და დასაქმება. გვჭირდება შეგრძნება, რომ საჭირო ადამიანები ვართ", - ამბობს, ლალი ბარათაშვილი.

ლალი არის ამ ქვეყანაში მცხოვრები ათასობით შშმ პირიდან ერთ-ერთი, რომელიც სტატუსის გამო გარკვეულ სოციალურ პაკეტს იღებს სახელმწიფოსგან. თანხა, რასაც მას სახელმწიფო ურიცხავს ვერ წვდება მის საჭიროებებს. თავის დროზე ვერც განათლების მიღებაში დაეხმარა სახელმწიფო და ახლა ვერც დასაქმებაში ეხმარება. 

შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების საჭიროებაზე, წერენ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო სტრატეგია ,,საქართველო 2020"-ში. მიზნად ისახავენ: ,,შშმ პირთა ხელშეწყობას ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად." აღნიშნული სტრატეგიის ორი სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიაა ჩვენთვის ცნობილი. მათი მიხედვით შემდეგი აქტივობებია დაგეგმილი:

,, საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ მათი სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებში ჩართვის გზით; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შშმ) პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართვა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო უნარების შეძენა;  პროფესიული განათლების მასწავლებელთა ტრენინგი შშმ სტუდენტთათვის ხარისხიანი პროფესიული განათლების მიწოდების მიზნით; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის გაუმჯობესება; დამსაქმებელთა მოტივირება დაასაქმონ შშმ კურსდამთავრებულები; მონაწილეობის მიღება შშმ პირთა დასაქმების მხარდამჭერი სახელმწიფო დოკუმენტის შექმნის პროცესში; სოციალური პროგრამების განხორციელება უმაღლესი განათლების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად"- წერია 2020-ის სამოქმედო გეგმებში. 

მიუხედავად ამ დოკუმენტის არსებობისა და საერთაშორისო ვალდებულებებისა, შშმ პირთა მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ იცვლება.

ამის შესახებ ვკითხულოთ ინფორმაციის სახალხო დამცველის გასული წლის (2015) საპარლამენტო ანგარიშშიც.

,,კვლავ პრობლემას რჩება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის კონვენციის იმპლემენტაცია. შეფერხებულია როგორც აღნიშნულ დოკუმენტთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის, ასევე მისი დებულებების პრაქტიკაში სათანადოდ დანერგვის პროცესი. პარლამენტში ჯერ კიდევ არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რომელიც უფლებადარღვევის ფაქტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეროს შესაბამისი კომიტეტისთვის მიმართვის შესაძლებლობას მისცემს.

მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის იმპლემენტაციის ორგანოდ განისაზღვრა პრემიერ-მინისტრთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭო, სახელმწიფომ ვერ შექმნა ქმედითი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად უზრუნველყოფდა მის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციას. საბჭო, რომელიც ფაქტიურად არ ფუნქციონირებს, მისი სტატუსის, შემადგენლობისა და საქმიანობის ფორმატის გათვალისწინებით, თეორიულადაც ვერ მოახერხებს იმპლემენტაციის ორგანოს მთავარი ფუნქციის - კონვენციასთან დაკავშირებით თანმიმდევრული შიდა პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და კოორდინაციის განხორციელებას"- ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

შშმ პირთა სირთულეებზე მუშაობს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR." მათ 2016 წელს განახორციელეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების კვლევა" - რუსთავის, ქ. ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაგალითზე.

კვლევის თანახმად გამოიკეთა: „ შედეგების მიხედვით, ქ. ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის, საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობის კუთხით  - მთავარ დამაბრკოლებელ ფაქტორებს წარმოადგენს მისაწვდომი ფიზიკური გარემოს, ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტისა და ზოგადად, მოწესრიგებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უქონლობა.

მაგალითად, პარკირების ადგილების არარსებობა. მუნიციპალიტეტის დონეზე შემუშავებული არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმების პოლიტიკა. პრობლემად რჩება საზოგადოების დამოკიდებულება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, სიბრალულზე არის დამყარებული, რაც გამორიცხავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სხვებთან თანასწორად ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობას. ქ. ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში არ ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების რეაბილიტაციისა და ადრეული განვითარების პროგრამები. კვლევის შედეგების მიხედვით, ქ. ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვის პროცესში არ ითვალისწინებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებულ პრობლემებს.

რუსთავის მუნიციპალიტეტში კი  ქ. ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტების მსგავსად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის, საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობის კუთხით მთავარ პრობლემურ ფაქტორებს წარმოადგენს - მისაწვდომი ფიზიკური გარემოს და ადაპტირებული ტრანსპორტის არარსებობა მუნიციპალურ დონეზე. შენობების შიდა ინფრასტრუქტურის გარდა, რუსთავში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებლად გადაადგილებას დაბრკოლებას უქმნის გარე ინფრასტრუქტურა, ქუჩის გადასასვლელები და სკვერებში შესასვლელები.

რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი პროგრამები კვლავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ერთჯერადი დახმარებებით შემოიფარგლება და არ არის მიმართული ამ ადამიანების წინაშე არსებული პრობლემების გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვარებისკენ. მუნიციპალიტეტის პროგრამები არ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საჭიროებებს, რის გამოც ისინი ვერ იღებენ ხარისხიან სკოლამდელ განათლებას. არაადაპტირებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კი ბარიერს ქმნის ზოგადი განათლების მიღების პროცესში.

რუსთავში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის განსაკუთრებით პრობლემურია, რომ მუნიციპალიტეტის დონეზე არ არსებობს დასაქმების პოლიტიკა, რაც გამორიცხავს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას. მათი უმეტესობა დამოკიდებულია პენსიასა და ოჯახის დახმარებაზე"- წერია, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR"-ის 2016 წლის კვლევაში.

მართალია ეს კვლევა მოიცას, მხოლოდ, რუსთავის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, მაგრამ მისი განზოგადება მთელი ქვეყნის მასშტაბითაც შეიძლება. ამისი მიზეზი კი ისაა, რომ დღეს ვერცერთი მუნიციპალიტეტი ახერხებს თავისი ბიუჯეტის ნაწილი მოარგოს შშმ პირების საჭიროებებს, შეუქმნას მათ მეტ-ნაკლებად მაინც ადაპტირებული გარემო და შესთავაზოს მხარდაჭერა - დასაქმების კუთხით.

ალბათ, ამ დამოკიდებულების და არა ადაპტირებული გარემოს გამო, დღეს რუსთავის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, სადაც 3 000-მდე შშმ პირი ცხოვრობს - შეიძლება თვეზე  მეტი ვიაროთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში და არც ერთი მათგანი არ შეგვხვდეს. ადგილი ,,მზის ქვეშ," საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ემოციებით, დადებითი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება - მათთვის დღემდე ისეთივე რთული მოსაპოვებელია, როგორც ეს წლების წინ იყო. ამას ვერც სახელმწიფო სტრატეგიები, ვერც საერთაშორისო ვალდებულებები ცვლის, რადგან ამ დოკუმენტებს ძალა და ეფექტი, მხოლოდ მაშინ აქვთ, როდესაც სახელმწიფო ბეჯითად იწყებს მათ რეალობაში გადატანას და განხორციელებას.

 

მანონ ბოკუჩავა

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია