ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 წ.  06:29 
რას აკეთებენ არჩეულები ?! - 18 თებერვალი 2017

 

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE" დაინტერესდა, რა სამუშაო შეასრულეს ამ დროისთვის რეგიონის არჩეულმა მაჟორიტარებმა. ამჯერად ვსაუბრობთ, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა მხეიძესთან.

უკვე ასი დღე გავიდა ჩვენი დელეგირებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ ის, რომ მაჟორიტარის ბიურო ფუნქციონირებს გამართულად. ვღებულობთ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ სხვადასხვა სახის სოციალური პრობლემები. მეტ-ნაკლებად ვახერხებთ მათი პრობლემების გადაწყვეტას.

ასევე, მოგეხსენებათ ბევრი წინასაარჩევო დაპირება არ გამიცია, მაგრამ ერთ-ერთი ეხებოდა ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებ 40 ოჯახს. ამ ადამიანებს არ ქონდათ ბუნებრივიაირი, ჩვენ „სოკარ გაზის" დახმარებით შვუყვანეთ და გადასახადიც გადავუნაწილეთ, ისე რომ შეეძლოთ გადახდა ეტაპობრივად. მათ ასევე პრობლემა აქვთ ელექტროენერგიასთან (ამაჟამად საწარმოს ელექტროენერგიით სარგებლობენ და მაღალი ტარიფით იხდიან გადასახადს) და საცხოვრებლის დაკანონებასთან დაკავშირებით. შენობა ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. ჩვენ ვმუშაობთ ამ ორი მიმართულებითაც.

აგრეთვე, მოგეხსებათ წლების განმავლობაში პრობლემა არის მარის არხის დასახლებებში საცხოვრებლების დაკანონება. ეს არის სახლები, სადაც წლების წინ  სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, სამხედროები, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლები ცხოვრობდნენ. ჩვენი იურისტის მამუკა სილაგაძის მუშაობის შედეგად, უკვე მოხერხდა ორი ასეთი სახლის მათ ფაქტიურ მაცხოვრებელზე დაკანონება.  შესაბამისად, კანონის ანალოგით ისარგებლებენ სხვებიც.

გვქონდა ასევე შშმ ბავშვებისთვის ღონისძიება, მოვუწვეთ ექსკურსია, იყვნენ „გლდანი პლაზას" ცენტრში. ასევე ახალგზარდების ინიციატოვით გავუმასპინძლდით დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს.

და რაც მთავარია, იმის გათვალისწინებით, რომ რუსთავში არის შესაბამისი კვალიფიციური ადამიანური რესურსი, შესაძლებელია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ - საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის ნაირსახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები) შექმნა. თიზი დიდი ხანია მოქმედებს ფოთში, ქუთაისში, თბილისში.

თუმცა თბილისში ძალიან ხშირია საცობები, ქალაქი ფაქტიურად არ ნიავდება და არ არის შესაძლებელი საწარმოს, მოსახლეობისგან მოშორებით, მშენებლობა. რუსთავში კი არის ამის შესაძლებლობა. ჩვენ გვაქვს სიახლოვე დედაქალაქთანაც, სულ რაღაც 20 კილომეტრი გვაშორებს. ჩვენ ეს ინიციატივა აჯერ რუსთაველ ბიზნესმენებს გავაცანით. გამოითქვა აზრი ორი საწარმოს მშენებლობის შესახებ. მინიმუმ შესაძებელია, თითო საწარმოში 200 ადამიანმა იმუშაოს.

მთავრობის დამოკიდებულება, როგორია ამ თემის მიმართ?

საკითხმა, ასე ვთქვათ მოთელვა უკვე გაიარა, როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ასევე პარლამენტის ეკონომიკური კომიტეტის ხელმძღვანელობასთან. ასევე თემაზე მოთელვა გავიარეთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, რომლებიც ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით მუშაობენ. ეს არის თაფლი, რომლისთვის ფუტკარი ბაღდადიდანაც ჩამოვა.

რადგან მაინც დასაქმებაზე ვსაუბრობთ, თემატურად გადავალ რუსთავის აზოტის საკითხზე. რას აკეთებთ საწარმოდან გათავისუფლებული მუშების დასახმარებლად?

ეხლა მე ესეც შეიძლება ითქვას, რომ მაქვს დავალება პარლამენტიდანაც და შემიძლია უფრო ჩავუღმავდე ამ საკითხს, თუმცა ისედაც დეტალურად ვიცი რაც ხდება და როგორც ხდება. თუ გამორთავთ, თავიდან ბოლომდე მოგიყვებით.

ვერ გამოვრთავ, რადგან მინდა მკითხველმაც გაიგოს. მოვისმინე ერთი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამ ადამიანებს ქონდათ მოლოდინი, რომ თქვენ მათი პრობლემის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრებდით.

როდესაც დაიწყო საგაზაფხულო სესია, ნახევარი საათით ადრე მივედი, მაგრამ დამხვდა უკვე შედგენილი გამომსვლელთა სია. ეს თემა სხვებმაც გააპროტესტეს. უკვე განსაზღვრული იყო გამომსვლელთა ვინაობა. ასე არ ხდება, რომ პარლამენტში წამოხტე და ისაუბრო.

გეტყვით, რომ ამ თემაზე გადაწყვტილების მიმღებ ყველა პარლამენტის წევრს ვესაუბრე. იცით რა არის, როდესაც საქმე ეხება კერძო საკუთრებას, სამართლებრივად ძალიან ძნელია ვინმეს ყური აუწიო. თუმცა თვითონ ფაქტი, რაც მოხდა და როგორც მოხდა არის ძალიან დამამცირებელი, შეურაწმყოფელი. რეალურად ტურნიკეტმა არ გაატარა სამსახურში მისული ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში თავიანთი შრომით მოიტანეს ეს საწარმო.

პიროვნულ დონეზე არ გქონდათ სურვილი, რომ გამოსულიყავით და მუშების გვერდით დამდგარიყავით აქციაზე?

პიროვნულს დონეზე მე რამდენჯერმე გახლდით აზოტში. პროფკავშირები შევახვედრე ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილებეს იღებენ ქალაქში. ეს არ არის მარტივი პროცესი, რომელშიც ჩაერევი ქირურგიულად. მიმიხვდით?! თუ მეკითხებით ვარ, თუ არა საკუთარი თავით კმაყოფილი გეტყვით, რომ არა.. თუმცა მე მცდელობა არ დამიკლია.

რადგან ერთი გუნდის წევრები ხართ ამიტომ გკითხავთ, პრემიერ-მინისტრმა რატომ არ გააკეთა ამ ადამიანებთან დაკავშირებით განცხადება? ჩვენ გვახსოვს, რომ პრემიერი გამოესარჩლა ქართველ მამაკაცებს, რომლებსაც გარკვეულ კლუბებში არ უშვებდნენ და ამ შემთხვევაში არ გამოესარჩალა ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ყოვედლღიური სადილით ხელში მივიდნენ სამსახურში და ფაქტის წინაშე დადგნენ.

პრემიერი ის განცხადება ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია.

და ამათ შორის რომელი თემააა უფრო მნიშვნელოვანი?

ერთი წამით! ის ძალიან მნიშველელოვანი იყო, რადგან  ჩვენ თავმოყვარეობას, ჩვენ ტრადიციებს ურტყამდა..  მაგრამ ახლა როგორ არის იცით, ყველაფერი ძალიან შედარებით რეჟიმში ვითარდება. ის არის ქვეყნის მეთაური და როგორ ფიქრობთ, ბიზნესის მიმართ მისი გაკეთებული განცხადება, როგორ იქნებიდა აღქმული?! ჩვენ წინა ხელისუფლებას ვერ დავემსგავსებით. ვერ დავიწყებთ ვიღაცისთვის ყურის აწევას და ბიზნესის ახევას, უკაცრავად ჟარგონისთვის. პრემიერი თავისი მოქმედებებით უფრო ჩაერევა ამ საკითხში. ეს საკითხი უკვე სამართლებრივ სივრცეში არის გადასული. გათავისუფლებულთა ნაწილი კომპენსაციას დათანხმდა და ნაწილი კიდევ დავობს სასამართლოში. მე მჯერა სასამართლოს სამართლიანობის.

ჩვენთვის ასევე არანაკლებად მნიშვნელოვანია, როდის დაიწყებს საწარმო მუშაობას, რადგან ამით ქვეყნის ბიუჯეტი ზარალდება. მანდ 2 000 ადამიანი მუშაობს და მნიშვნელოვანია, რომ საწარმომ შეასრულოს ის სხვადასხვა ხელშეკრულებები, რაც დადებული აქვს თავისი პროდუქციის გასაყიდად.

კარგით, თქვენი ბიუროს მუშაობას, რომ დავუბრუნდეთ. რა საკითხებზე მოდიან მოქალაქეები? ალბათ, ზოგჯერ მათი პრობლემების ადრესატი არა ბიურო, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობაა.

რა თქმა უნდა, არის ასეთი შემთხვევბი, მაგრამ ჩვენ რომ დავუწყოთ იმისი ახსნა, რომ ეს ჩვენ არ გვეხება და სხვას ეხება, ის ადამიანი ჩვენთან არასდროს მობრუნდება. ძალიან იშვიათად ხდება, რომ ჩვენ აქედან ვინმე გავაგზავნოთ მერიაში.

თუ მათი კომპეტენციაა, რატომაა ეს პრობლემა?

რა ვიცი აბა, მე ჩემი პრინციპები მაქვს, რის გამოც მე ზედმეტად არავის ვაწუხებ.

როგორი ურთიერთობა გაქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან? მსმენია თქვენი კრიტიკა კოსტავას გამზირის რეაბილიტაციაზე, კონკრეტულად ქვაფენილის საკითხზე..

კოსტავას რეაბილიტაცია თვალს ახარებს. მე ასეთი რუსთავისთვის ვილტვოდი მუდამ, მინდოდა ქალაქი ყოფილიყო ასეთი ლამაზი და დავარცხნილი. მინდა, რომ დანარჩენი რუსთავიც გახდეს კოსტავას გამზირის მსგავსი. მაგრამ ჩვენ გავიარეთ ფასადურობის და შეთითხნულობის დრო.. ერთადერთი, რასაც ვითხოვ ისაა რომ კომისია, რომელსაც   ევალება ხარიხსნის კონტროლი, იყოს ბოლომდე პრინციპული. არ მინდა მომავალ წელს ისევ მოგვიწიოს კოსტავას რეაბილიტაცია.

თუმცა ახლა გეტყვით, რომ მომწონს რეაბილიტაციის იდეაც და შესრულებაც.

რაც შეეხება ზოგადად ქალაქის ხელმძღვანელობასთან ჩემ დამოკიდებულებას, ეს ისეთი თემაა.. მე პოლიტიკოსი ვარ, წარმოვადგენ იმ დედა პარტიას, რომელშიც არის ქალაქის მერიც და სხვა დანარჩენებიც. მე მაქვს ჩემი ფუნქცია, რაც საპარლამენტო კონტროლის ფუნქციას გულისხმობს, რომელსაც მე ვახორციელებ სრული მოცულობით. თუ ჯერ კიდევ არ აქვს აკრეფილი ამ მუშაობას, ძალიან მალე გვექნება სრული ინფორმაცია, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას გაანალიზების. ხარვეზების შემთხვევაში გვქნება რეაგირება, ყოველგვარი ჩასაფრების გარეშე. მე იმით ვარ ცნობილი, რომ ღია ტექსტებით ვსაუბრობ და არა ფარსმან სპარსივით რებუსებით.

ბევრი რამ მომწონს და ბევრი, რამ არც მომწონს.. მე ამაზე ვსაუბრობ ქართული ოცნების შიგნით. მე დავტოვე ჩემი შენიშნვები საკრებულოში და მათი ნაწილი გაითვალისწინეს. მე ვარ მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული, მაქვს ვალდებულება რუსთავლების მიმართ. მე ბოლომდე ვიბრძოლებ რუსთაველებისთვის. სხვას რაც შეეხება, პერსონალიებით საუბარს არ ვაპირებ. ყველას მიეზღვება იმისდა მიხედვით ვინც რას იმსახურებს: პატივიც, დიდებაც და დატუქსვაც.

არსებობს ინფორმაცია, რომ თვითმმათველობის არჩევნებისთვის „ყველა" (საუბარია რუსთავის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მაჟორიტარის ბიუროზე) ცდილობს თავისი პოზიციის გამყარებას. რას იტყვით, თუ გეყოლებათ თქვენი გუნდი, რომლის გაყვანასაც შეეცდებით?

ცაკლე გუნდი არ მეყოლება. ყველა საკითხი გადაწყდება ქართული ოცნების ინტერესებთან სრულ თანხვედრაში. გუნდი ვისაც სურვილი აქვს ფეხბურთის, ან ჭადრაკის გააკეთოს. ეს საკითხი გადაწყდება პარტიის მიერ.

 

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE" ცდილობს ამავე ფორმატის ინტერვიუ მოამზადოს რუსთავის მეორე მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ბეგაძესთან. ვფიქრობთ, ბატონ გიორგის ესმის ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ და მზადაა მედიასთან ითანამშრომლოს. 

 

მანონ ბოკუჩავა

 

 

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

„ არა ბატონო, ჩვენ არ ვართ ოცნების კოორდინატორები, ჩვენ ვართ ოცნების აგიტატორები“ - არჩევნები რუსთავში +(video)

რუსთავში სპორტკომპლექსის საშხაპეები და სველი წერტილები სავენტილაციო სისტემის გარეშე მოაწყვეს 

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია