ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 წ.  11:36 
მოქალაქეთა ჩართულობა რუსთავის მუნიციპალიტეტის მართვაში: პეტიცია 0, მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება 0 - 04 სექტემბერი 2017

მიმდინარე წლის ოქტომბერში მუნიციპალიტეტებში თვითმმართველობების ახალ წარმომადგენლებს აირჩევენ. 

ლოკალური პრობლემების მოსაგვარებლად მათი კომპეტენტურობა გადამწყვეტია, თუმცა არანაკლები მნიშვნელობა აქვს თავად მოქალაქეთა აქტიურობას.

ორი წლის წინ, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შევიდა ახალი რეგულაციები, თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით. შეიქმნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, საერთო კრებების და პეტიციის მომზადების შესაძლებლობა.

ახლა, როდესაც თვითმმართველობებს მორიგი არჩევნები ელის, ვინტერესდებით რამდენად გამოიყენეს ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტების მართვაში ჩართვის შესაძლებლობა.

საკითხს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მაგალითზე ვეცნობით. საჯარო უწყებაში გვიხნიან, რომ მათ ამ წლების განმავლობაში (2015-2017 წლის ივლისის ჩათვლით) არც ერთი, თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მომზადებული პეტიცია არ მიუღიათ. იხსენებენ, მხოლოდ ორ წერილს, რომელსაც მართალია, არ ჰქონდა პეტიციის ფორმა, მაგრამ მოქალაქეების ნაწილი ხელმოწერებით ადასტურებდა, რომ სურდათ დასახელებული საკითხის გადაწყვეტა.

„რუსთავის მერიაში შემოსული კორესპონდენციებიდან პეტიციის ფორმა არ აქვს არცერთს. ერთი წერილი, რომელიც ეხებოდა რუსთავში კინოთეატრის არარსებობის პრობლემას, შემოსულია 2017 წლის 27 ივნისს. წერილს ხელს აწერს ორგანიზაცია ,,მანიფესტის“ ხელმძღვანელი გიორგი მაჭარაშვილი.  წერილი არ ატარებდა პეტიციის ფორმას, რის შესახებაც ადმინისტრაციიდან გასულ საპასუხო წერილში მათ ეცნობათ“ – გვწერენ რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის სამსახურიდან. დასძენენ, რომ ორგანიზაციამ ამ წერილს მოგვიანებთაც არ მისცა პეტიციის ფორმა. რაც შეეხება, დაყენებული საკითხის გადაჭრას, რუსთავის მერიაში აცხადებს, რომ ქალაქს საკუთარი ბიუჯეტით ამ საკითხი მოგვარება არ შეუძლია.

პეტიციის ფორმით არა, მაგრამ მანიფესტით, სადაც ხელმოწერები ელექტრონულად მოგროვდა – რუსთავის თვითმმართველობას სტუდენტების ნაწილმაც მიმართა. ახალგაზრდები სტუდენტური ტარიფის შემოღებას ითხოვდნენ.

„ ამ წერილსაც არ ჰქონია პეტიციის ფორმა. რაც შეეხება ჩვენ პასუხს, ახალგაზრდებს განემარტათ, რომ რუსთაველ სტუდენტთა მგზავრობის საფასურის დასაფარად, რუსთავის მერიაში მუშაობს სოციალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც, რუსთავში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, იძულებით გადაადგილებულ და სხვა კატეგორიის ოჯახების წევრ სტუდენტებს, მერიაში განცხადებით შემოსვლის შემთხვევაში, უფინანსდებათ ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობის თანხით. რაც შეეხება სტუდენტური ტარიფის დაწესებას, გამომდინარე იქიდან, რომ რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე გადამზიდავი კომპანია ,,ინტერტრანსი“ კერძო კომპანიაა, ამ გადაწყვეტილებას რუსთავის მერია დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა“ – აცხადებს რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ აქუბარდია.

რაც შეეხება, თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულ მოქალაქეთა ჩართულობის მეორე ფორმას- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, თვალსაჩინო შედეგი არც აქაა.

რუსთავის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 2015 წელს შეიქმნა მერის ბრძანებით. საბჭო დაკომპლექტდა შემდეგი მიმართულებებით მომუშავე  რუსთაველებისგან: ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენელი, ექიმი, მუსიკოსი, მხატვარი, ჟურნალისტი, მწერალი, არქიტექტორი, მსახიობი, პედაგოგი და სპორტსმენი.

„გამოკვეთილი ინიციატივით, საბჭოს წევრები არ გამოსულან, შეხვედრებზე ძირითადად მიმდინარე პროექტების განხილვა ხდებოდა“, – გვწერენ რუსთავის მერიიდან კითხვაზე-თუ რა კონკრეტული საკითხები დააყენა აღნიშნულმა მრჩეველთა საბჭომ. ასევე დასძენენ, რომ ეს საბჭო უკვე აღარაა მოქმედი, რადგან თვითმმართველობამ, მერის მიმდინარე წლის 1 ივლისის ბრძანებით, საბჭოს დებულებაში ცვლელები შეიტანა და საბჭოს დაკომპლექტებას თავიდან იწყებს.

„2017 წელს, პროექტის ფარგლებში- ,,მონაწილეობითი ადგლობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში“, მოხდა საბჭოს ახალი წესდების შემუშავება, კერძოდ, შეიცვალა საბჭოს კომპლექტაციის წესი და გაფართოვდა მისი საქმიანობების სფერო. ამიერიდან, ახალი დებულების თანახმად, საბჭოს წევრთა რაოდენობა იზრდება. მასში შევლენ რუსთავის 10 ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ორგანოში მცხოვრები მოქალაქეები, ორ-ორი თითოეული ორგანოდან, რომელთა წარდგენა და არჩევაც მოხდება ამ ტეროტორიულ-ადმინისტრაციულ ორგანოებში მცხოვრები ადამიანების მიერ“- გვწერენ რუსთავის მერიიდან.

ვინტერესდებით, როგორია მოქალაქთა ჩართულობას დონე საკრებულოების მუშაობაში?! რუსთავის საკრებულოში აცხადებენ, რომ როგორც წესი, საკრებულოს სხდომებს რიგითი მოქალაქეები იშვიათად ესწრებიან, მიუხედავად იმისა, რომ სხდომების თარიღები  მათი ოფიციალურ ვებ-გვერდზე ანონსდება. საკრებულო არ ახდენს ასევე მოქალაქეთა დასწრების აღრიცხვას, განამრტავენ, რომ მათ აღნიშნულს კანონმდებლობა არ ავალედებულებთ.

დავით ლოსაბერიძე, რომელიც წლებია, თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ  მიუხედავად მოქალაქეთა ჩართულობის არც თუ მაღალი  მაჩვენებლისა – პროცესი მაინც დადებითად უნდა შეფასდეს. მისივე თქმით, წელიწადნახევრის განმავლობაში, როდესაც კანონით პეტიციის საკითხი განისაზღვრა, ორჯერ მეტი პეტიცია შევიდა თვითმმართველობებში, ვიდრე 10 წლის განმავლობაში. დასძენს, რომ ამ მიმართულებით პრობლემას ქმნის, ის ფაქტი, რომ როგორც პეტიციას, ასევე საერთო კრებებსა და მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას, მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

„უნდა ითქვას, რომ 2013 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებამ  თვითმმართველობის ძირეული რეფორმა დაანონსა, საზოგადოების აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამავე დროს, ეს აქტივობა არ არის ყოვლისმომცველი. სავარაუდოდ, ამის ნიშნები უკვე შეიმჩნევა, ეს აქტივობა შენელდება. ხელისუფლების მიერ რეფორმის შეჩერებისა და, გარკვეულწილად, მიღწეული შედეგებიდან უკანდახევის ფონზე, 2016 წლიდან მოყოლებული“- აცხადებს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, დავით ლოსაბერიძე.

2017 წელს ანგარიში: „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში – მონიტორინგი და რეკომენდაციები“ მომზადდა „მმართველობით სისტემების ცენტრის“ მიერ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“-ს ფინანსური მხარდაჭერით.

ორგანიზაციამ მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით არსებული სხვადასხვა სირთულე აღმოაჩინა. ანგარიშში ვკითხულობთ:

საერთო კრება – მუნიციპალიტეტების გამგეობიდან/მერიიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, შეინიშნება ტენდენცია, რომ მოქალაქეთა მონაწილეობის აღნიშნული ფორმა საკმაოდ იშვიათად გამოიყენება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მიერ.

ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ არის წახალისებული საინფორმაციო და საგანმანათლებლო ინიციატივები საერთო კრების, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმის, აქტიური გამოყენებისთვის. მუნიციპალურ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული მოქალაქეთა მონაწილეობის პროგრამა, რაც ართულებს საერთო კრების გამართვის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის ფინანსურ უზრუნველყოფას.

პეტიცია – პეტიცია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ყველაზე იშვიათად გამოყენებული ფორმაა. პეტიციები დარეგისტრირებულია მხოლოდ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და კვლავ განხილვის ეტაპზეა, მუნიციპალურ ორგანოებს არ მიუღიათ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რაც წარმოადგენს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას.

ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ არის წახალისებული საინფორმაციო და საგანმანათლებლო ინიციატივები პეტიციის, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმის, აქტიური გამოყენებისთვის;

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო – არსებული სიტუაციის ანალიზის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკმაოდ არაპოპულარული მექანიზმია, რასაც ადასტურებს საპილოტე მუნიციპალიტეტებში მისი გამართვის ინტენსივობა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ინტერესი მონაწილეობის ამ ფორმისადმი.

აგრეთვე, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო არ მოიწვევა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებით განსაზღვრული პერიოდულობის დაცვით, რაც წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის მიზნით ნაკლებად გამოიყენება და მისი ფუნქციონირება ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებს.

საკრებულოს საქმიანობაში მოქალქეთა ჩართულობა – მოქალაქეები საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომებს არ ესწრებიან, შესაბამისად მუნიციპალიტეტის შეფასება აღნიშნული კრიტერიუმით შეუძლებელია“ – წერია „მმართველობით სისტემების ცენტრი“-ს ანგარიშში.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის მოქალაქეთა ჩართულობის დონე დაბალია, ქვეყნის სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არის ერთეული შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები იჩენენ აქტიურობას და ცდილობენ ლოკალური პრობლემების გადაწყვეტას. პროცესს ექსპერტები აფასებენ, როგორც ხარვეზიანს, თუმცა აცხადებენ, რომ აუცილებელია ადგილობრივმა ხელისუფლებებმა და კანონმდებლებმა (არსებული კანონმდებლობის გაუმჯობესებით) გააკეთონ უფრო მეტი, რათა მოსახლეობამ შეძლოს მუნიციპალიტეტის მართვაში ჩართვა.

 მანონ ბოკუჩავა

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი – Kvemokartli.ge”

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტეი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
არჩევნები 2017 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2017 ყველა უფლება დაცულია