სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  11:13 
კვლევა: " როდესაც შენი მეზობელი სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოა"/When your neighbor is a copper and gold mining enterprise - 12 აგვისტო 2018

ინფორმაციის კვლევის შესახებ

კვლევის შემსრულებელი ორგანიზაცია/მკვლევარია

ორგანიზაცია: ქვემო ქართლის მედია/ მკვლევარი: მანონ ბოკუჩავა

პროექტი, რომლის ფარგლებში მომზადდა კვლევა, დააფინანსა ორგანიზაციამ „ქალთა ფონდი საქართელოში.“[1] კვლევის მიზანია: ქალთა განწყობების შესწავლა საწარმო RMG-ის საქმიანობის მიმართ, არსებული პრობლემების გამოვლენა და საზოგადოებაში შესაბამისი დისკუსიების წარმართვა. 

კვლევის განხორციელების პერიოდი: 2018 წლის 15 თებერვლიდან 31 ივლისის ჩათვლით. 

კვლევის ჩატარების არეალი: დაბა კაზრეთი

კვლევის თემატიკა:

  • დაბაში მცხოვრები ქალების შრომა ოჯახში (household);  
  • მათი შრომა საარსებო რესურსის შექმნაში (livehood) 
  •  დასაქმება; 
  • RMG-ში მომუშავე ქალების შემთხვევაში ვინტერესდებით, მათი შრომის პირობებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, მათ მიმართ არსებული დამოკიდებულებით, ქალებსა და კაცებს შორის ანაზღაურებისადმი მიდგომებით; 
  • რა და როგორ შეიცვალა მათ დაბაში RMG -ის მუშაობით; 
  • როგორია ადგილობრივების ჯანმრთელობის მდგომარეობა; 
  • თავად როგორ ფიქრობენ, რა ზეგავლენას ახდენს მათზე საწარმოს მუშაობა; 
  • მათი შეფასებით, იჩენს თუ არა საწარმო სოციალურ პასუხისმგებლობას მოსახლეობის მიმართ; 
  • რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, რა სახის სირთულეები შეექმნათ საწარმოს მუშაობის შედეგად;
  • როგორ ფიქრობენ, რამდენად უსაფრთხოა დაბაში ბავშვების გაზრდა; 
  • რა ძირითადი ყოველდღიური პრობლემების წინაშე დგანან; 
  • რომ შეეძლოთ, RMG-ის მიდგომების (დასაქმების კუთხით, პასუხისმგებლობა მუშახელის მიმართ  და ა.შ) რას შეცვლიდნენ;
  •  როგორ შეაფასებენ მათი პრობლემების მიმართ, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულებას.                                           

მეთოდოლოგია:  ვიყენებთ რაოდენობრივი კვლევის მეთოდს. კითხვარი შედგება ღია და დახურული კითხვებისგან. რესპონდენტები არიან ქალები: 18-55 წლამდე ასაკის. კვლევის ცდომილება 3%. რესპონდენტების რაოდენობა 100.  შერჩევის ასპექტები: ტერიტორიული - ასაკობრივი.

ველის კონტროლი:  ველის დასრულების შემდეგ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა გადასამოწმებელი ანკეტები, რამაც წარმოადგინა საერთო რაოდენობის 7%. გადამოწმება განხორციელდა  ანკეტებში მითითებულ მისამართებზე ვიზიტით. კვლევაში ასევე წარმოდგენლია, საკითხის გარშემო, ადგილობრივ სამოქალაქო სექტორის ნაწილის  შეფასებები, რა მიზნითაც ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი ქალაქ ბოლნისში. კვლევის თემატიკასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოვითხოვეთ შემდეგი სახელმწიფო და კერძო უწყებებისგან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბოლნისის გამგეობა, საწარმო (Rich Metals Group). შესაბამისი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ერთვის კვლევას.

არსებული ვითარების მიმოხილვა:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერით, 4 340 მოქალაქე ცხოვრობს. მათ შორის 2 119 კაცი და 2 221 ქალი.  დაბა კაზრეთში  1975 წლიდან ფუნქციონირებს ოქროსა და სპილენძის საბადო და კომბინატი, რომელსაც წლების განმავლობაში სს „მადნეული“ მართავდა. 2012 წელს კი  საწარმოს მფლობელი რუსული კომპანია Rich Metals Group (RMG) გახდა. 

წარსულში მადნეულის, ამჟამად კი  RMG მიმართ, ნეგატიური ინფორმაცია საზოგადოებაში ორი მიმართულებით ვრცელდება. პირველი, საწარმოს მიერ გარემოსთვის ეკოლოგიური ზიანის მიყენება, მეორე კი თანამშრომელთა რთული სამუშაო გარემო და დაბალი ხელფასებია. საწარმოს მუშები, რომელთა მხოლოდ ნაწილია ადგილობრივი მცხოვრები, პერიოდულად აქციებსაც აწყობს. ამ აქციებიდან ყველაზე მასშტაბური, რომელსაც დაბაში გაფიცვა მოჰყვა, 2014 წელს გაიმართა.[2] დაბაში გაიფიცნენ მაღაზიები, სკოლა, საბავშვო ბაღი. უშუალოდ აქციებზე მყოფი თუ დაბის  ქუჩებში შემხვედრი ადამიანები, მედიასთან საუბრისას  აღნიშნავდნენ, რომ კაზრეთში მთავარი პრობლემა საწარმოში რთული სამუშაო პირობები, მთავრობისგან უყურადღებობა  და სოციალური უთანასწორობაა. აქციის მონაწილეთა კომენტარები; “აქ გადიან მადნით დატვირთული დიდი მანქანები, კირით დატვირთული. მოაქვს საშინელი მტვერი სიცხეში.”; [3] “ვინც მოვიდა, თავისი მოიყვანა და ადგილობრივი დარჩა დაჩაგრული”; “რომელი შვილიც დედამ დაწყევლა, ყველა კაზრეთში მოვიდა”; ასევე ყურადღებს ცენტრშია  RMG-ის საქმიანობის ზეგავლენა გარემოზე. „მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმის“ უახლესი კვლევით,[4] რომელიც ამ მიმართულებით შეისწავლის საკითხს, ვკითხულობთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილის  ნიადაგში არის ტოქსიკური ლითონების მატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციასთან შედარებით. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მიმართულებით არსებულ ვითარებას ეხმიანება სახალხო დამცველიც,  2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში  ჩასატარებელია საფუძვლიანი ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომლითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული რისკ ფაქტორების გამოვლენა და მათი ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ეფექტების დადგენა.

სოციალ-დემოგრაფიული მახასიათებლები 

ფოკუს-ჯგუფის ფარგლებში დასახელებული პრობლემური საკითხები:

(ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებების დაცვაზე მომუშავე სამოქალაქო სექტორი; ჩატარების თარიღი: 16 აპრილი, 2018 წელი)

  • ადრეული ქორწინება. ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა უმრავლესობა ამბობს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტეში ეს პრობლემა დღესაც არსებობს. რაც უფრო ჩაკეტილია თემი, მით უფრო მწვავედ დგას საკითხი. ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ხშირად პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ღინისძიებებს ვერ მიმართავს სახელმწიფო.
  • გენდერულად სენსიტიური საკითხების მიმართ საზოგადოების გულგრილობა - ინფორმირებულობის დაბალი დონე.
  • დიასახლისი დღემდე აღქმულია, როგორც „ოჯახის უმუშევარი წვერი.“
  • ქალებს არ აქვთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობა - არ არსებობს სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა.
  • დაბა კაზრეთში დაბინძურებულია ჰაერი, ნიადაგი. მათი შეფასებით, აღნიშნულის მიზეზი ამჟამად RMG-ის მუშაობაა. განმარტავენ, დაბას მსგავსი პრობლემები აქვს მას შემდეგ რაც რაიონში/მუნიციპლაიტეტში „კომბინატმა“ დაიწყო მუშაობა და წლების განმავლობაში არაფერი იცვლება. (დაბა კაზრეთში  1975 წლიდან ფუნქციონირებს ოქროსა და სპილენძის საბადო და კომბინატი, რომელსაც წლების განმავლობაში სს „მადნეული“ მართავდა. 2012 წელს კი  საწარმოს მფლობელი რუსული კომპანია Rich Metals Group (RMG) გახდა)
  • დაბა კაზრეთში, ჰაერის დაბინძურება შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად შესამჩნევია (ფოკუს-ჯგუფის წევრები განმარტავენ, რომ არის მტვერი და მოდის ყვითელი წვიმა).
  • დაბის გზების მორწყვა ხდება საწარმოს მიერ, მაგრამ არ არის ეფექური, შედეგად დგება ტალახი და  კორპუსების შიგნით არსებული ისედაც  მოუწესრიგებელი გზები ტალახისგან გაუვალია.  
  • დაბაში და ზოგადად ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეინიშნება მძიმე დაავადებების ზრდა. საჭიროა სრულფასოვანი სამედიცინო კვლევის ჩატარება. თუმცა კვლევა არ უნდა ჩაატაროს დაინტერესებულმა მხარემ..
  • ღია წესით არ უნდა ხდებოდეს კარიერის დამუშავება.
  • დაბა ვერ იღებს საწარმოსგან იმ სარგებელს რაც ეკუთვნის, თუნდაც იმ ზიანის გამო რასაც მისი მუშაობის შედეგად იღებს.

კვლევის ფარგლებში  წამოჭრილ საკითხებზე, კითხვებით მივმართეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას.  წარმოგიდგენთ პასუხებს მათ მიერ, 2018 წლის 29 მაისს,  მომზადებული წერილიდან:

(1) 2017 წელს დაბა კაზრეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა: პროგრამით გათვალისწინებულ კატეგორიებზე (უსინათლოები, შ.შ.მ. პირები, ყრუ-მუნჯები) -15 600 ლარი; კომუნალურ გადასახადებზე (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი) -15 475,23 ლარი. ერთჯერად მატერიალურ დახმარებაზე- 31 200 ლარი. 2018 წელს: პროგრამით გათვალისწინებულ კატეგორიებზე (უსინათლოები, შ.შ.მ. პირები, ყრუ-მუნჯები)- 5 750 ლარი; კომუნალურ გადასახადებზე (ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი)- 11 744,85 ლარი; ერთჯერად მატერიალურ დახმარებაზე- 25 880 ლარი.

(2) ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბოლნისში ფუნქციონირებს სასწრაფო დახმარების სამსახური, რომლის მომსახურებაც ხელმისაწვდომია მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის დაბა კაზრეთის მოსახლეობისათვის.

(3) დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს  სამკურნალო-პოლიკლინიკური გაერთიანება. შენობა, რომელშიც განთავსებულია აღნიშნული გაერთიანება არ აკმაყოფილებს ნორმებს მასში სამშობიაროს და მრვალპროფილური სტაციონარის განსათავსებლად. ქალაქ ბოლნისში ფუნქციონირებს მულტიპროფილური კლინიკა  შ.პ.ს. „ბოლნისის ცენტრალური კლინიკა“, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო მომსახურების, მათ შორის მშობიარობისა და მასთან დაკავშირებული სერვისების პროვაიდერს.

(4) დაბა კაზრეთში მაცხოვრებელი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის საერთო სურათი არ განსხვავდება რეგიონში მცხოვრებთა ჯანმრთელობის მდგომარეობის საერთო სურათისაგან. დაბა კაზრეთში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ კვლევა არ ჩატარებულა;

(5) ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში არ არის შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც გამოიკვლევდა ეკოლოგიური და გარემოს დაცვითი კუთხით ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის საწარმო „არემჯი გოლდი“-ს მუშაობას, შესაბამისად არ გაგვაჩნია კომპეტენცია შევაფასოთ აღნიშნული საკითხი;  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას ინფორმაცია  არ აქვს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას არ აქვს სტატისტიკა, რომელშიც აღნიშნული იქნება, თუ რამდენმა ონკოლოგიურმა ავადმყოფმა მიმართა მერიას დახმარებისათვის  2017-2018 წლებში.

(6) რაც შეეხება იმას, რომ კომპანია “RMG“-მ ნაწილობრივ ან სრულიად დაფაროს დაბა კაზრეთში მცხოვრები მოქალაქეების კომუნალური ხარჯები, ვინაიდან იგივე მოთხოვნები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილს გააჩნია, არარეალურად მიგვაჩნია კომპანიასთან მათი კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირის, წყლის) გადასახადების გადახდაზე რაიმე კომუნიკაციის დამყარება. ეს დაკავშირებული იქნება უკონტროლო ხარჯვებთან. კომპანია ,,არემჯი გოლდი“ იხდის ყველა გადასახადს რისი ვალდებულებაც სახელმწიფოს წინაშე გააჩნია, დამატებით ახორციელებს სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსებას, (მაგ. სპორტული მოედნების მოწყობა თუ ინვენტარის შეძენა სკოლებისათვის და სხვა);

(7) ბოლნისის მუნიციპალიტეტს დაბა კაზრეთში შეძენილი აქვს ახალი სკვერის მოწყობის პროექტი, თუმცა პრიორიტეტულობიდან გამომდინარე ჯერ ვერ მოხდა მისი მშენებლობის დაფინანსება. ამ ეტაპზე ყველაზე პრობლემური საკითხი დაბაში საკანალიზაციო ქსელის ავარიული მდგომარეობაა და მის აღდგენებს ეტაპობრივად ვახორციელებთ. საკანალიზაციო ქსელების აღდგენის შემდეგ გვექნება საშუალება კორპუსებს შორის არსებული მისასვლელების რეაბილიტაცია დავიწყოთ ეტაპობრივად, გამომდინარე მათი დიდი მასშტაბისა და შესაბამისად ძვირი ღირებულებისა.

(8) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა 2017 წელს შეადგინა: საკუთარი შემოსავალი 21 245,2 ლარი; კომპანია RMG-ის მიერ დაფინანსება 16 981,4 ლარი. 2018 წლის გეგმა: საკუთარი შემოსავალი 22 419  ლარი;  კომპანია RMG-ის მიერ დაფინანსება (28 მაისის მდგომარეობით) -10 486,3  ლარი.

წარმოგიდგენთ ინფორმაციას, საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წერილიდან ; [ცენტრში ჩვენი კითხვები ჯანდაცვის სამინისტრომ გადაამისამართა. წერილი მომზადდა 2018 წლის 8 ივნისს]

"წინასწარ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში 2015 წლის 19-20 სექტემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვარდისუბანი და დიდი დმანისში და 26-27 სექტემბერს - ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში და ბალიჭში განხორციელდა სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვების ორგანიზება და ჩატარება. სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები განხორციელდა ექიმთა მრავალპროფილური ჯგუფის მიერ (ოჯახის ექიმი, თერაპევვტი, პედიატრი, ქირურგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, უროლოგი, ენდოკრინოლოგი, ექიმი ექოსკოპისტი) საქველმოქმედო ფონდ „ჰიპოკრატეს“ ძალებით. აქციის დროს, სამედიცინო  ჩვენების მიხედვით ტარდებოდა, როგორც ლაბორატორიული კვლევები (სისხლის ჰემოგლობინი, პროთრომბინი, გლუკოზის განსაზღვრა) ასევე გადაუდებელი საჭიროების მედიკამენტით მოსახლეობის უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში (მედიკამენტი მოწოდებულ იქნა ფარმაცევტ კომპანია psp-ს მიერ); ჯამში 19-20 სექტემბერს სოფელ ვარდსიუბანში და დიდ დმანისში სამედიცინო დახმარება გაუწიეს 153 მაცხოვრებელს, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში იმავე რეჟიმში, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევის მეთოდის გამოყენებით გასინჯულ იქნა 198 მოსახლე, სულ 351 პირი, თუმცა სრულყოფილი მონაცემი წინასწარ განსაზღვრული ცვლადების მიხედვით ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ კვლევაში ჩართულ 254 მოსახლეზე. მოსახლეობის პროფილაქტიკური გასინჯვის მონაცემები დამუშავდა სპეციალური პროგრამის (EPI-INFO) გამოყენებით. გამოკვლეულთა შორის იყვნენ ბავშვები, მოზარდები და მოზრდილი მოსახლეობა. გასულნჯულთა 50% -ზე მეტი 20-60 წლის ასაკის იყო. დიდი უმრავესლობა - მდედრობითი სქესის (80,3%) და დაბა კაზრეთის მაცხოვრებელთა (61,8%) იყო. დიაგნოზების მიხედვით ყველა პათოლოგიურ მდგომარეობაზე მეტად გავრცელებული აღმოჩნდა არტერიული ფიოერტენზია (22.4%), მას მოსდევს ერთეული შემთხვევები ქვემო წელის ტკივილი (ლუმბარგია - 4.3%), ჰოპოთირეოზი (3.9%) და შაქრიანი დიაბეტი (3.5%) არტერიული ჰიპერტენზია ძირითადად, 40 წლის ზემოთ მოსახლეობაში, ძირითადად, ქალებში. არტერიული ფუიპერთენზიის შემთხვევები ძირითადად ხშირი აღმოჩნდა დაბა კაზრეთის (61%) დაბა დმანისის 23%) და სოფელ ბალიჭის (16%) მოსახლეობაში. ასევე დამატებით მოგახსენებთ, რომ იმავე წელს ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ კომპანია   RMG გოლდის წარმომადგენლებს, სადაც განხილულ იქნა შესაძლებლობა ჩაღრმავებული კვლევის ჩატარების შემთხვევაში კომპანიის მიერ დაფინანსების შესაძლებლობაზე. პარალელურ რეჟიმში ცენტრის ეპიდემიულოგებმა კონსულტაცია გაიარეს  დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ექსპერტებთან, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს მავნე ზემოქმედების შეფასების კვლევის განხორცილების კუთხით, რომელთა მოსაზრებითაც, წარმოდგენილი პოპულაციის სიმცირიდამნ გამომდინარე კორელაციური კავშირების დადგენა და მყარი მტკიცებულების მიღება კვლევისგან თითქმის შეუძლებელია და მათი მხიდან რეკომენდაცია იქნა გაცემული, რომ აქცენტი გაკეთებულიყო პროფილაქტიკურ ღონისძიებებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის სისტემურ შესწავლაზე, რაც განხორციელდა ზემოთ დასახელებული ოთხი სოფლის მოსახლეობაში აღნიშნული აქციის ფარგლებში. შემდეგომი ღონსიძიებების გასატარებლად რეკომენდაციები მიეცა შესაბამისი მუნიციალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და პირველადი სამედიცინო მომსახურების დაწესებუკებეს. საყურადღებოა 2007 წელს გერმანელ მეცნიერებთან ერთად ჩატარებული -  „მდინარე მაშავერას ხეობაშუ ნიადასგებისა და სასოფლო-სამეურნეო ნათესების დაბინძურება მძიმე ლითონებით“ - კვლევით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, გამოიკვეთა რომ მდინარე მაშავერას ხეობის ნადაგში სპილენძის რაოდენობა 49-ჯერ აღემატებოდა მოქმედ ზღვრულად დასაშვებ ნორმას, თუთიის 18 ჯერ, ხოლო კადიუმის 12-ჯერ. გასულ წლებში ბოლნისის ტერიტორიებზე ერთობლივი კვლევით ასევე დადგინდ, რომ მძიმე ლითონური ნიადაგიდან საკვებ ჯაჭვში გადადის; ბოლნისის მოსახლეობა კაზრეთულას და მაშავერას წყალს სარწყავად იყენებს. მორწყვის შემდეგ მძიმე მეტალები მცენარეებში გროვდება. ასეთი საკვების ხანგრძლივმა მოხმარებამ კი, შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში მთელი რიგი პათოლოგიური დაავადებები გამოიწვიოს: მედიკოსთა შეფასებით, ბოლნისის რაიონში დაავდებათა სტატისტიკის ზოგადი მაჩვენებელი მეტად საყურადღებოა.“

 წარმოგიდგენთ ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომზადებული წერილიდან [წერილი     სამინისტრომ 2018 წლის 15 ივნისს მოგვაწოდა]

„2015-2016 წწ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „RMG Gold“-ზე გაცემული გარემოზე ზემოქმედების №000056 ნებართვით (2009 წლის 30 იანვრის №14 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა) გათვალისწინებული პირობების, ასევე შპს „RMG Gold”-ზე სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებაზე (საყდრისის საბადოს მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის ექსპლუატაცია), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 03 აპრილის №ი-193 ბრძანებით დამტკიცებული 2014 წლის 03 აპრილის №15 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის გეგმიური შემოწმება. ამასთან, 2015-2016 წწ. ასევე განხორციელდა სს „RMG Copper“-ზე (ს/კ 225358341) გაცემული გარემოზე ზემოქმედების №000055 ნებართვით (2009 წლის 30 იანვრის №13 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა) გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის გეგმიური შემოწმება. ზემოაღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ინსპექტირებისას გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით სს „RMG Copper“-ის და შპს „RMG Gold“-ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შემდეგი ოქმები:

 1. 2016 წელს სს "RMG Copper"-ის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 792 -ე, 65-ე და ნარჩენების მართვის კოდექსის 42- მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ №029651, №029653 და №029655 ოქმები;

2. 2016 წელს შპს “RMG Gold”-ის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79-ე, 65-ე მუხლებით და ნარჩენების მართვის კოდექსის 42-ე მუხლით 2 გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ №029661, №029657, №029658, №029660 და №029662 ოქმები;

3. 2017 წლის 15 სექტემბერს და 1 დეკემბერს სს "RMG Copper"-ის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 792-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ №035829 და №035835 ოქმები; 4. 2018 წლის 24 აპრილს სს „RMG Copper”-ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ №041338 და №041339 ოქმები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79 -ე მუხლის შესაბამისად.

ზემოთ მითითებული ოქმების განხილვის შედეგად, შპს „RMG Gold” და სს "RMG Copper" ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სცნო სამართალდამრღვევად. ასევე გაცნობებთ, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შპს „RMG Gold”-ის და სს "RMG Copper”-ის შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად დაუდგინა გონივრული ვადა და დეპარტმენტის მიერ შემუშავდა №000956, №000906 და №000904 ადმინისტრაციული მიწერილობები.

განსაზღვრული გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განხორციელდება დადგენილი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ინსპექტირება. რაც შეეხება ინფორმაციას საწარმოს მიერ გადახდილი კონკრეტულ თანხების შესახებ, გაცნობებთ, რომ  აღნიშნული ფაქტის მონიტორინგს მისი კომპეტენციიდან გამომდინარე, სამინისტრო არ ახორციელებს.“

კვლევის მეორე ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე...

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია