სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 წ.  11:09 
აფხაზ მეგობარს - 15 ოქტომბერი 2018

განსაკუთრებული შემოდგომა გვქონდა. სხვა ერის და სხვა ქვეყნის ზღვის სანაპიროსთან, ქართველები და აფხაზები შევხვდით (მცირე ჯგუფი). აღარ ვასახელებ პროექტს და ადგილს.

ჩვენ, ანუ მე და შენ დავმეგობრდით. ძალიან „ერთნაირები ვიყავით“ და ალბათ, ამიტომაც. ბევრი ვისაუბრეთ მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან ამბებზე. შენ მითხარი, რომ გაოცებს ჩემი გულახდილობა და მე იცი, ძალიან დამწყდა გული..

ვერ გაგიზიარე ის, რაც წესით უნდა მეთქვა. ოღონდ არა იმიტომ, რომ ვერ გამიგებდი და ეს მაშინებდა -  უბრალოდ, ადამიანები „უღრან ტყეში“, ღრმა ორმოებში ვმარხავთ ტკივილებს და გვიჭირს მათთან მიბრუნება.

ახლა გწერ იმას, რაც ვერ გითხარი და ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს სიტყვები მოვიდეს შენამდე:

ბებია თითქმის 80 წლის იყოს, როდესაც ცხოვრება გლდანში (თბილისი) ე.წ აკადემიის ბინებში მოუხდა. ბოლოს უკვე სიარული ძალიან უჭირდა, მაგრამ აკადემიის ადგილ-ადგილ მოაჯირის გარეშე დარჩენილ კიბეებს მაინც მიუყვებოდა, „სახლში მიდიოდა.“ დაავიწყდა ომი და ვერ იგებდა, თუ რატომ არ მიჰყავდათ აფხაზეთში, თავის სოფელში, მუხურში. ვერ იგებდა ოთხი  შვილიდან, რატომ არავინ იბრალებდა და არ აბრუნებდა სახლში.

ბებიას მუხურში ზეკოხტა ბოსტანი ჰქონდა. აი, ხელოვნების ნიმუში. მაგრამ ერთი კი მახსოვს, ბოსტანში ყოველთვის იმაზე მეტ ნიორს რგავდა, ვიდრე საჭირო იყო. თოხით მიუყვებოდა და პატარა ზოლებს ავლებდა. ისე ცოტა ბაბუასთან კამათიც უყვარდა, მაგრამ ერთმანეთის გარეშე მაინც ვერ ძლებდნენ.

როდესაც ორივენი იმქვეყნად წავიდნენ, გარდაცვალების გამო კი არა, იმიტომ მეცოდებოდნენ, რომ სურვილი ვერ შევუსრულეთ.

იცი, კიდე რა ვერ მოგიყევი, ომის შემდეგ, მე ჩემს ერთ ყავისფერ ბურთულებიან ყელსაბამს სხვის სახლში ვეძებდი. მამიდას სახლის ყველა უჯრა გადავქექე და ვერსად ვიპოვე. 7 წლის ვიყავი, როდესაც სახლიდან გამომაგდეს და სხვის სახლში ვეძებდი საკუთარ ნივთებს, რომლებიც მიყვარდა და რომლთა წამოღებაც ვერ მოხერხდა. ისე ახლა შენც შეამჩნევდი, როგორ ძალიან მიყვარს ყელსაბამები. მართლა, ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ ხომ გესმის ამ ამბავში ყელსაბამი არ არის მთავარი გმირი.

იცი, კიდევ რა უცნაურობა მჭირს?! მძულს ძველი ჩემოდნები. იმ ღამეს ენგურის ხიდით, რომ წამოვედით, ხიდის ორივე მხარეს ჩემოდნები ეყარა. მერე იყო ბევრი ახალი სხვისი სახლი, ახალი სკოლები. ამ ახალ სკოლებში ბავშვებს სხვანაირი ვეგონე, რადგან „ლტოლვილი“ ვიყავი სტატუსით. ჩვენთან მაშინ ლტოლვილს და დევნილს კარგად ვერ არჩევდნენ, ახლაც ასეა, ზოგჯერ. სიმართლე გითხრა, თავი ვინმეზე უარესი არასდროს მეგონა, მაგრამ ბედნიერი არ ვიყავი.

ა, იცი კიდე რისი თქმა დამავიწყდა. იმ ღამეს, როდესაც „თქვენებმა“ ცაზე, გამარჯვების ნიშნად,  „რესპუბლიკა აფხაზია“ მიაწერეთ, მე მხოლოდ ერთი აზრი მქონდა თავში. ჩემმა მშობლემა ჩემი ძაღლი, სიმართლე გითხრა მერიდება კიდეც ძაღლს, რომ ვუწოდებ, რადგან ჩემ დაზე ნაკლებად არ მყვარებია - ხო და, აი ეგ ჩემი საყვარელი, ჭკვიან თავლება და ბოხორა თათება ნაგაზი,  არ წამოიყვანეს. მაშინ კი არ მესმოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, არ იყო ადვილი სხვის თუნდაც ახლო ნათესავის სახლში მთელი ოჯახის მიყვანა და თან კიდევ ამხელა ძაღლით.

მოკლედ, ვუბრუნდები თქვენი გამარჯვების და ჩვენი დამარცხების ღამეს. მე მთელი ღამე არ მეძინა იმის შიშით, რომ თქვენ ამდენი სროლებით ჩემს ძაღლს მოკლავდით. მერე თვეობით ვეძებდი, სულ სასწაულების მჯეროდა და მეგონა, რომ მომძებნიდა. დიდად კარგად მაშინაც ვერ ვხედავდი და სხვა ძაღლებში მერეოდა. ერთხელ, სოფელ რიყეში ერთ ძაღლს გავეკიდე -  ჩემი მეგონა, მაყვლის ბუჩქებში ვსდიე. ხო, იცი ამ მაყვლის ბუჩქებს, როგორი ეკლები აქვთ, სულ ამიპუწეს ნაქსოვი ზედა და დამკაწრეს.

მე და შენ სრული ასი პროცენტით უდანაშაულო თაობა ვართ, აი იოტისოდენა დანაშაული არ გვაქვს..  შენ არ ხარ ჩემი ტკივილების მიზეზი, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა ვისია ის დამწვარი, ან უპატრონოდა დარჩენილი სახლები, რომლებსაც რუსეთის ჯარისკაცების ოჯახები, თუ სხვები ისაკუთრებენ. მე კი მოგიყევი, მაშინ, არა ერთი დევნილის ისტორია, მაგრამ საკუთარი ვერ გაგანდე. მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული არ გადამხდარა ჩემს თავს, ყველანი ასე ვიყავით და ჩვენი დავიწყება, თითქოს არ ვარსებობდით აფხაზეთში - არ არის სამართლიანი. მე ვიცი, რომ შენი თბილი და კეთილი გული, იმ სხვების ისტორიებსაც იგებდა და ამასაც გაიგებს..

 

   „შენებმა“,  რომ მაჩუქეს სუვენირი, აფხაზეთის პატარა „დროშით“ კუთხეში, მე ძალიან მეტკინა გული. უცებ წარმოვიდგინე, ეს რომ ჩემ სახლში მამაჩემს ენახა, რას მეტყოდა. აი, ვიცი არაფერსაც არ მეტყოდა, მაგრამ.. მამაჩემი ყოველ წელს მეკითხება,  ხო, მალე დავბრუნდებით სახლში და მეც ყოველწელს დამაჯერებლად ვეუბნები - მალე.  

 

 

 

 

 

ალბათ, შენც გქონდა ბევრი სათქმელი და შენც ვერ მითხარი. მესმის შენი.. და მართალია მე აღარ მჯერა სასწაულების, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ, ანუ მე და შენ არასდროს გავხდებით მტრები.  

პ.ს ჩემი ბევრი ფოტოდან, რომელიც ჩამოვიტანე, ყველაზე მეტად „შენების“ გადაღებული მიყვარს, ამიტომაც ჩემს წერილს მისით ვიწყებ.

 

მანონ ბოკუჩავა

რეპორტაჟი ცხოვრება ქვ. ქართლში

წალკის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუნიაკალა 

ათობით ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

(რუსთავი, მარის არხის დასახლება)

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოროზმანი


 
რეიტინგული სტატიები

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს აზერბაიჯანლების განწყობები


 
 
ვიდეოები
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო 
Video screenshot
ევროკავშირი - Avropa İttifaqı 
Video screenshot
აქციის მონაწილეები მინისტრებს ესაუბრნენ 
Video screenshot
გამოკითხვა
 
 

განხორციელებული პროექტები: ,, საინფორმაციო პორტალი kkpress.ge ქვემო ქართლის რეგიონის ქართულ მედიაში აქტიური გაშუქებისთვის".

ფინანსურსი მხარდაჭერა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო ( IREX)

                                                                                                                                            პარტნიორები  

 

2019 ყველა უფლება დაცულია