დღს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკრებულოს წევრებმა ბრიფინგი გამართეს. რუსთავის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატები"-ს თავჯდომარე, ალექსანდრე ახვლედიანი პრეზიდენტის რუსთავში სტუმრობას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 22 თებერვალს, რეგიონის გუბერნატორთან ერთად, სტუმრობდა რუსთაველი ასანიძეების მრავალშვილიან ოჯახს. მან გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ მრავალშვილიანი ოჯახი ახალმა ხელისუფლებამ დახმარების ნაცვლად სოციალური შემწეობის გარეშე დატოვა.
,, მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას, რომელიც ასეთი ადამიანების დახმარების ლოზუნგით მოვიდა. ამბობდნენ თანხები გზატკეცილების მშენობლობაში იხარჯება და არა ამ ადამიანებისთვის-ო, ახლა კი რა გვაქვს, არც გზატკეცილია და არც სოციალური დახმარება. ეს არის კონკრეტული ოჯახი და არა პროპაგანდა. ის დახმრება, რომელსაც ეს ოჯახი იღებდა მიზერულია, თუმცა ამის წართმევაც ყველა საზღვარს სცილდება", - აცხადებდა ასანიძეებთან სტუმრად მყოფი პრეზიდენტი.
სწორედ, ამ საკითხებს გამოეხმაურა რუსთავის საკრებულოს წევრი. ალექსანდრე ახვლედიანის თქმით, შეწყვეტილ სოციალურ დახმარებებზე პასუხისმგებლობა სააკაშვილის მთავრობას ეკისრება, რადგან დღეს სოციალური მომსახურების სააგენტო, სწორედ, იმ მიდგომებით მუშაობს, რომელიც ყოფილმა მთავრობამ შეიმუშავა.
ახვლედიანი წლების მანძილზე მასთან დახამრებისთვის მისულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს იხსენებს და ამბობს, რომ ასობითი ფაქტია ისეთი, სადაც მთავრობის არასწორი კრიტერიუმების გამო სოციალური დახმარების გარეშე რეალურად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახები დაზარალდნენ. ,, ერთ მაგალითს მოგიყვანთ. რეალურად გაჭირვებაში მყოფ ადამიანს, მხოლოდ, იმიტომ შეუწყვიტეს დახამრება, რომ მას დაშლილი კომპიუტერის მონიტორი აჩუქა შვილიშვილმა. აღმოჩნდა, რომ სოციალურმა აგენტმა ეს ნივთი ჩაუწერა პლაზმურ ტელევიზორად. მე ამით იმისი თქმა მინდა, რომ ,,უცნაურია" ახლა რატომ უკვირს პრეზიდენტს, ან გუბერნატორს ასეთი ფაქტები? რა, ახლა გაიგეს ის ნაკლოვანებები რაც წლებია აქვს ამ პროგრამას?!", - კითხულობდა, ალექსანდრე ახვლედიანი.
მისი თქმით, აუცილებელია ახალმა ხელისუფლებამ და მისმა დანიშნულმა სოცილური სააგენტოს ხელმძღვანელმა, აღნიშნული პროგრამის დახვეწა უზრუნველყოს.
ახვლედიანის გარდა ბრიფინგში მონაწილეობა რუსთავის საკრებულოს წევრმა ფრაქცია ,,რუსთაველები" -ს წარმომადგენელმა, ივანე შათირიშვილმაც მიიღო.
შათირიშვილი თვითმმართველობის მუშაობაში არსებულ ხარვეზებს შეეხო. განაცხადა, რომ რუსთავის საკრებულო არ უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას ქალაქის მართვაში.
აღნიშნული მიმართულებით შათირიშვილი განცხადებებს სისტემატიურად აკეთებს, თუმცა ყოველ საკრებულოს სხდომაზე ირკვევა, რომ სხვადასხვა ბიუროებზე განსახილველი საკითხები, ყოველგვარი განხილვის გარეშე, პირდაპირ საკრებულოს სხდომაზე ხვდება.
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით